ბლოგები

ოკუპაცია – პრობლემა, რომელიც ყველას საფიქრალად ვერ იქცა



ავტორი: ავთანდილ ბიბილაშვილი

ირგვლივ  უამრავი პრობლემაა,  რომელზე საუბარსაც ადამიანები გაურბიან, შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე. უფრო  მეტიც, ამ პრობლემებზე ფიქრსაც კი არიდებენ თავს და ეს ძირითადად ადამიანის ეგოცენტრულობიდანაა გამოწვეული.

ადამიანებს ურჩევნიათ იცხოვრონ ილუზიაში, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა და ამით ცდილობენ ცხოვრებისთვის კომფორტული გარემო შეიქმნან.

ძნელია ყველა პრობლემაზე საუბარი ერთბაშად, რადგან ეს დაუსრულებელ პროცესს წარმოქმნის – ამ ტექსტის წერისასაც შესაძლებელია არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთოს ჩვენს გარემოცვაში.

ქვეყანა ოკუპირებულია და ეს პროცესი არაა გაყინული, პროცესი კვლავ გრძელდება მცოცავი ოკუპაციის სახით. დამეთანხმებით ალბათ იმაში, რომ ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა.

საერთო პრობლემაა ოკუპაცია ქვეყნისთვის, მაგრამ საერთო პრობლემების ხასიათიდან გამომდინარე, ზოგ ადამიანს მეტად ეხება და აწუხებს ეს საკითხი, ზოგს – ნაკლებად, გამომდინარე მათი დამოკიდებულებებიდან, საცხოვრებელი ადგილიდან, სოციალური სტატუსიდან და ასე შემდეგ.

რაზე ფიქრობს, ადამიანი როდესაც იღვიძებს და განთიადს ხვდება?

ზოგი ფიქრობს იმაზე თუ რა სურს, რა უნდა გააკეთოს. ზოგიც აფორიაქებულია, რადგან უკვე დააგვიანა სამსახურში და ქვეყნის მთავარი პრობლემა საერთოდ არ ახსენდება. შესაძლებელია თვის  განმავლობაში, ერთხელ გაახსენდეს, ისიც იმიტომ, რომ საზოგადოებაში ან ტელევიზიაში მოკრა ყური ინფორმაციას ბორდერიზაციის, მცოცავი ოკუპაციის და ან საქართველოს მორიგი მოქალაქის გატაცების შესახებ.

ზოგ ადამიანს კი,  ჩემს მსგავსად, საცხოვრებელი გარემო არ აძლევს ამის დავიწყების საშუალებას, რადგან განთიადთან ერთად, სახლიდან გაუსვლელად, საძინებლის სარკმლიდან თვალსაჩინო ხდება ოკუპანტების მავთულხლართები და  საგუშაგოები.

ხშირად დაუსვიათ კითხვა, მეშინია თუ არა და რამდენად დაცულად ვგრძნობ თავს?

დაცულად ნამდვილად არ ვგრძნობ თავს, რადგან ვხედავ, რომ ამისთვის სახელმწიფოს ამ ეტაპზე არც ძალა შესწევს და არც არაფერს აკეთებს. ხოლო კითხვაზე, “მეშინია თუ არა?”,  კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ  არა.

მე პირად დამოკიდებულებას ვაფიქსირებ და ამას დიდი ახსნა აქვს, თუმცა ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებსაც ფიქრიც არ სურთ ამ საკითხზე და აღნიშნულ კითხვებზე ან არ უფიქრიათ ან იძახიან რომ დაცულად გრძნობენ თავს.

სამწუხარო ფაქტია, როდესაც ხედავ რამდენად გულგრილი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას აღნიშნულ საკითხზე და არ სურთ გაიაზრონ პრობლემის სიმწვავე. სახელმწიფოს უმოქმედობაც ხელს უწყობს ამას – საკუთარ უსუსურობას ისე ლამაზად ფუთავენ, რომ ისედაც ილუზიაში გახვეულ საზოგადოებას ურჩევნია ეს ვითომ „სტაბილური“ სიტუაცია ირწმუნოს.

რატომ არ ხდება ამ პრობლემის მასშტაბური განხილვა, რატომ აღარ ხორციელდება ამ პრობლემაზე კომპლექსური მუშაობა და მისი განხილვები?

იმიტომ, რომ საზოგადოებაში, ისევე როგორც ხელისუფლებაში არსებობს შიში. შიში იმისა, რომ დაკარგავენ ილუზიით შექმნილ სტაბილურობას და შეექმნებათ ქაოსი საკუთარ ყოველდღიურობაში და ვერ იპოვიან საკუთარ თავს ამ ქაოსში. საზოგადოებიდან მოდის ეს პრობლემა. ხშირ შემთხვევაში, პრობლემას ამწავავებს ის, რომ საზოგადოებას (ადამიანს)  არ სურს პრობლემის აღიარება მანამ, სანამ უშუალოდ მათ არ შეეხება პრობლემის ნეგატიური შედეგები. ეს ხელისუფლებას აძლევს საშუალებას საზოგადოებას თავს მოახვიონ საკუთარი პოლიტიკური თამაშები და გაიმყარონ საკუთარი პოლიტიკური სტაბილურობა.

დღეს არსებული პოლიტიკური გარემო, პირადად ჩემთვის არ ქმნის თუნდაც უმნიშვნელო იმედს იმისა, რომ  ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა – ოკუპაცია – შეჩერდება და ქვეყანა მოკლე ვადებში დაიბრუნებს რეალურ სტაბილურ მდგომარეობას.

საზოგადოება უამრავ ნაწილადაა დაყოფილი. ყველა ადამიანი მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისადაა გაერთიანებული ამა თუ იმ ნაწილში და მოქმედებენ იმის მიხედვით, თუ სად უფრო მეტ  სარგებელს მიიღებენ, საზოგადოებაში ისევე, როგორც პოლიტიკურ ძალებში, არ არსებობს საერთო ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა იმოქმედონ საერთო პრობლემის დეესკალაციისთვის.

ყველა ადამიანი ფიქრობს, თუ რა უნდა მას. შესაბამისად, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მიიჩნევს, მომ თავადაა სამყაროს ცენტრი და ყველაფერი უნდა ხდებოდეს მხოლოდ მისი ინტერესებიდან გამომდინარე.

ამ დროს კი ე.წ. საზღვრის პირა დასახლებებიდან ადამიანების გატაცებამ სისტემატიური სახე მიიღო. ამას კი საზოგადოება შეგუებულია და მწვავე პრობლემად აღარ აღიქვამს.

დაფიქრებულხართ  რა იქნება მაშინ როდესაც თქვენი ეს ილუზიური სტაბილურობა გაქრება, პირადად გაიგებთ ამ პრობლემის სიმწვავეს და საკუთარ თავთან ყოველგვარი იმედის გარეშე დარჩებით?!

დატოვეთ კომენტარი