ანალიტიკა / გამოძიება

ვის რა აძლევს გამარჯვების იმედს – გორის მერობის კანდიდატები საარჩევნო პროგნოზებით

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მერობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის სურვილი ოფიციალურად 4-მა ადამიანმა დააფიქსირა. მათ შორის არიან “ქართული ოცნების”, “ერვოპული საქართველოსთვის”, “ნაციონალური მოძრაობის” და “გახარია-საქართველოსთვის” წარმომადგენლები. თითოეულ მათგანს არჩევნებში გამარჯვების იმედი აქვს.

“ქართული ოცნების” სახელით გორის მერობაზე იყრის კენჭს ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. მისი თქმით, გამარჯვების მოლოდინს ხალხთან შეხვედრების დროს გამოხატული ნდობა უჩენს. მუნიციპალიტეტის განვითარებას ის სწორედ მათთან ერთად დასახული გეგმებით აპირებს.

ლადო ხინჩეგაშვილი

ჩემი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მხარდაჭერა არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში, არამედ გორის მუნიციპალიტეტის მერად არჩევის შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტად დამჭირდება. სათავეში, სწორედ ამ ხალხის მაღალი ნდობის მეშვეობით მოვალ. შესაბამისად, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი მუნიციპალიტეტის სადავეებთან, ერთად უნდა დავსახოთ განვითარების გეგმა, გადავჭრათ არსებული პრობლემები და შევქმნათ ყველაზე მორგებული უკეთესი მომავალი. ერთად დგომით, შევძლებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ჩვენი მუნიციპალიტეტი ვაქციოთ ყველაზე განვითარებულ, კეთილმოწყობილ და ინოვაციებით სავსე თვითმმართველ ერთეულად.

“ქართული ოცნების” კანდიდატს მთავარ ოპონენტად მიიჩნევს “გახარია-საქართველოსთვის” მერობის კანდიდატი გორში, კონსტანტინე ანანიაშვილი. მეორე ტურში გასვლის შემთხვევაში მთავარ ოპოზიციურ ძალასთან მოლაპარაკებებს გამორიცხავს და განმარტავს, რომ გამარჯვებისთვის მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს.

კონსტანტინე ანანიაშვილი

ჩვენ ვემზადებით ამ არჩევნებში გამარჯვებისათვის. ამ მოლოდინის ინდიკატორი არის ჩვენი შეხვედრები და მოსახლეობის განწყობა ჩვენ მიმართ, როგორც კონკრეტულად გიორგი გახარიას მიმართ, ასევე ჩემ მიმართ. მეორე ტურიც შესაძლებელია. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ოპონენტს პატივს ვცემ, კონკრეტულად, არ მინდა ხაზგასმა, მაგრამ არსებული ადმინისტრაციული რესურსიდან და დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, მთავარი ოპონენტი იქნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი.

გამარჯვებაში დარწმუნებულია “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატიც. ვასილ მახარაშვილის გათვლებით, მეორე ტურის შემთხვევაში “ქართულ ოცნებას” გორში ხმათა უმრავლესობის მოპოვება გაუჭირდება.

ვასილ მახარაშვილი

ზუსტი პროცენტების დასახელება ძნელია, მაგრამ 40%-ზე ზევით ვიქნებით აუცილებლად. მე მჯერა, რომ პირველივე ტურში ძალიან დამაჯერებლად გავიმარჯვებთ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დაინიშნა მეორე ტური, “ქართული ოცნება“ 35%-ზე მეტს ვერ აიღებს, გამორიცხულია. მე დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, რადგან ჩვენ უკან დგანან ჩვენი მოქალაქეები. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც არაფრისგან, ნულისგან ავაშენეთ და ფეხზე დავაყენეთ ქვეყანა

გორის მერობის კანდიდატებს შორის ქალი მხოლოდ ერთია. “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი ეთერ ჯალაღანია ფიქრობს, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მხოლოდ კაცები არ უნდა ინიშნებოდნენ და მოქალაქეების საჭიროებებისკენ ქალი პოლიტიკოსების შესაძლებლობებიც უნდა იყოს მიმართული. არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, მოლოდინებზე საუბარი უჭირს და მუნიციპალიტეტის ბედს ამომრჩევლის ნებას ანდობს.

ეთერ ჯალაღანია

ყველა კონკურენტუნარიანია და ყველას მივიჩნევ ოპონენტად. საბოლოოდ, არავინ არ ვიცით, ამომრჩეველი კაბინაში რომ შევა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ვის შემოხაზავს, მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ გორს ყველა ღირსეული კანდიდატი ჰყავს და ყველაზე კონკურენტუნარიანი გარემო გორშია

ინფორმაციისთვის, არჩევნებში კიდევ 8 პარტია მონაწილეობს, რომლებსაც მერობის კანდიდატი არ ჰყავთ, თუმცა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობისთვის იბრძვიან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.