ანალიტიკა / გამოძიება ახალი ამბები

ყოფილი მაჟორიტარის კომპანიამ “ქართულ ოცნებას” 20 000 ლარი გადაურიცხა

გორის ყოფილი მაჟორიტარის კომპანიამ მმართველ გუნდს 20 000 ლარი შეწირა. შპს “იბოლიას” მიერ გადარიცხვა 2021 წლის 26 აგვისტოსაა განხორციელებული.

შპს “იბოლიას” დირექტორი და 21% – იანი წილის მფლობელი იოსებ მაკრახიძეა, რომელიც კომპანიას ოფიციალურად, დეპუტატის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ დაუბრუნდა.

“იბოლიას” მიერ პოლიტიკური სუბიექტებისთვის თანხების გადარიცხვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. 2011 წელს ამ კომპანიას მაშინდელი მმართველი გუნდისთვის (ნაციონალური მოძრაობა) 100 000 ლარი აქვს გადარიცხული.

თავად იოსებ მაკრახიძემ კი 2012 წლის ივნისში, “ნაციონალურ მომძრაობას” 25 000 ლარი შეწირა, 2016 წლის სეტქემბერში კი, როდესაც თავადი იყო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, “ქართულ ოცნებას” 50 000 ლარი გადაურიცხა. ამავე ოდენობის თანხა გადარიცხა მან 2018 წლის ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებამდე, სალომე ზურაბიშვილის ანგარიშეზე. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის კი “ქართულ ოცნებას” მისმა კიდევ ერთმა კომპანიამ “შარა” (რომელიც ოჯახის სხვა წევრების საკუთრებაშია) 20 000 ლარი შეწირა.

ყოფილი პარლამენტარის, იოსებ მაკრახიძის კომპანიები ხშირად ჩნდებიან სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებულის სტატუსით. ამ დროისთვის შპს იბოლიას 113 ტენდერიდან 110 მლნ 234 ათას 327 ლარი აქვს მიღებული. 74 გამარტივებული შესყიდვიდან კი 6 მლნ 143 ათას 10 ლარი.

შპს შარამ 257 ტენდერიდან 28 მლნ 203 ათას 402 ლარი მიიღო, 18 გამარტივებული შესყიდვიდან კი 384 634 ლარი. გორის მუნიციპალიტეტმა მხოლოდ წელს, იბოლიას 3 მლნ 654 ათას 680 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა. შპს შარას კი – 376 ათას 300 ლარის. ეს კომპანიები, ლიდერობენ ასევე შიდა ქართლის დანარჩენ მუნიციპალიტეტებსა და სახელმწიფოს სხვა უწყებების შესყიდვებშიც.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.