ადამიანები ისტორიები

რას ამბობდა მერაბ მამარდაშვილი ქართველობაზე და რუსეთთან ურთიერთობაზე

15 სექტემბერი ქართველი ფილოსოფისის, მერაბ მამარდაშვილის დაბადების დღეა. ის 1930 წელს გორში დაიბადა.

“მეც იმ ქალაქში დავიბადე, რომელშიც სტალინი დაიბადა, 1930 წლის სექტემბერში. ამაში შესაძლოა მონანიება ან ღვთიური სიმეტრია დავინახოთ… გორში შეიძლება სხვა საქმეების მკეთებელი ადამიანებიც დაიბადონ… “.

მისი გარდაცვალებიდან 31 წლის შემდეგაც კი ბევრი რამ, რაც მას ლექციებისა თუ ინტერვიუების დროს უთქვამს, თანამედროვე საქართველოს ყოველდღიურობას, პოლიტიკურ დღის წესრიგსა და საზოგადოებრივ განწყობებს დღესაც ესადაგება. 

“ქართველობა – ეს არის მშვენიერი, ამაღელვებელი ლეგენდა, ან ლეგენდარული ხატი, რომელიც ჩემთვის ჭეშმარიტიცაა და რეალურიც, – უფრო რეალური, ვიდრე ყოველდღიური რეალობა. ეს, ძირითადად ფეოდალური რაინდული ხატია.” 

“ჩვენი ტემპერამენტი გაჯერებულია ინდივიდუალიზმით. ყოველი ქართველი ხომ, თავისთავად, ცალკე სახელმწიფოა; ყველა მბრძანებელი; არავის არ შეუძლია სხვას დაემორჩილოს. სწორედ ამან იხსნა საქართველო დამონებისგან. მისი დამორჩილება ვერავინ მოახერხა, რადგან ამისთვის ქართველები სულ ერთნაირად უნდა ამოეწყვიტათ. მეორეს მხრივ კი, სწორედ ეს თვისება ღუპავდა ყოველთვის საქართველოს, როგორც ერთიან სახელმწიფოს.” 

“ჩემი გამოცდილებით, გარდა მონური ჩვევებისა, რაც რუსებს ახასიათებს, მათში ნამდვილად მოქმედებს კიდევ ერთი თვისება, რომელიც შეიძლება პარადოქსულად ან გაუგებრად მოგეჩვენოთ. მე ვიტყოდი, რომ რუს ხალხს რაღაცნაირად დარღვეული აქვს ის ფენომენი, რასაც ჰქვია სიცოცხლის სიყვარული ან სიცოცხლის გემო. მათგან განსხვავებით, ქართველებს – და ეს არის ჩვენთვის მომავლის იმედი – შერყეული და დარღვეული არა გვაქვს ფუნდამენტური ურთიერთობა სიცოცხლესთან, როგორც ფენომენთან. ის ოდნავ შელახული კია, მაგრამ მისი საძირკველი ფუნდამენტში საღია.” 

“რუსი ხიფათს გრძნობს რაღაცის წინაშე, რაც არის თავისთავადი და თავისთვის. მასში იწყება აგრესიული წყენა, რომლის მთავარი ელემენტია ის, რომ ვიღაცამ თავისთვის რაღაც მოინდომა. ეს საკმარისია, რათა რუსს ეწყინოს. ეს უნდა გავითვალისწინოთ ჩვენს პოლიტიკაში, თუ ვაპირებთ ბრძოლას; მებრძოლი კი არ შეიძლება დაერქვას მას, ვინც წინასწარ ვერ გაითვალისწინებს, თუ როგორი იქნება მოწინააღმდეგის რეაქცია, სად არის მისი მტკივნეული წერტილები. ვისაც არა აქვს ტაქტიკა და სტრატეგია, არ არის მებრძოლი”. 

“ჩვენ მთელ სიმართლეს არ ვამბობთ, როცა ვამბობთ, რომ ოკუპირებული ვართ იმპერიის მიერ. ჩვენ ოკუპირებული ვართ ახალი ადამიანის მიერაც. საოკუპაციო ჯარი, მხოლოდ იმპერიული ჯარი არ არის. ეს არის ადამიანის გარკვეული ტიპი, სოციალური, მენტალური, ყოფითი სტრუქტურები.” 

“დემოკრატია შრომის თავისუფლებას ნიშნავს და არა შრომის მოვალეობას, როგორც ეს ფორმულირებულია სოციალისტურ და კომუნისტურ უტოპიებში. შრომის თავისუფლება – ეს არის შენი სამუშაოს ისე შესრულების შესაძლებლობა, როგორც ეს შენ გესმის და გეხერხება”. 

მერაბ მამარდაშვილი 1990 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა. 

დატოვეთ კომენტარი