ადამიანები ისტორიები

ბიჭი, რომელიც გორმა დაკარგა

გურამ პაპუაშვილი 37 წლის ასაკში, 2021 წლის 8 აგვისტოს გარდაიცვალა. იგი, წლების განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურში მუშაობდა.

“გურიკა ქალაქმა დაკარგა”, – ამბობენ მისი მეგობრები, ახლობლები, ნაცნობები და რაც მთავარია უცნობები, რომელთაც ყურმოკვრით მაინც სმენიათ მის შესახებ.

გურამი (გურიკა) წლების განმავლობაში საჯარო სამსახურში მუშაობდა. საბიუჯეტო ორგანიზაციაში, რომელიც ყოველთვის მედიის და საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ალბათ ჟურნალისტები არიან ის ადამიანები, რომლებმაც ყველაზე უკეთ იციან, საჯარო სამსახურში მომუშავეთა მიერ გაკეთებული ან ვერ გაკეთებული საქმეები. გურამ პაპუაშვილმა 10 წელზე მეტი იმუშავა მერიაში, თუმცა არ არსებობს მის შესახებ გავრცელებული ნეგატიური ინფორმაცია. მერიაში ამბობენ, რომ ერთგული თანამშრომელი იყო.

რამაზ შიოშვილმა და გურამ პაპუაშვილმა მერიაში ერთად 9 წელი იმუშავეს. რამაზი ამბობს, რომ მისგან ბევრი რამ ისწავლა.

“იყო საუკეთესო ადამიანი. მე პირადად, მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ვიდრე მე მივიდოდი მერიაში, მას უკვე 5-წლიანი გამოცდილება ჰქონდა. ყველაფერი დაიწყო უბრალო თანამშრომლობით, შემდეგ დავმეგობრდით და ბოლოს დავნათესავდით კიდეც. ჩემი შვილის ნათლია გახდა”, – ამბობს რამაზი.

უყვარდათ და უყვართ ყველას – პოზიციასაც, ოპოზიციასაც …

“არც ჩემს თაობაში და არც შემდეგ – არ მახსენდება ასე ყოველმხრივ დაჯილდოებული ადამიანი. ასეთი პოზიტიური, ღიმილიანი, გულწრფელი, მზრუნველი, პატიოსანი, პროგრესული, აქტიური, საქმიანი, ერთგული, მეგობრული, თავმდაბალი, უშუალო, ნიჭიერი, ჰუმანური და კიდევ ათასი ღირსებით ერთად სავსე – მე სხვა ჯერ არავინ შემხვედრია!!! 3 წელიწადი ვიმუშავეთ ერთად და 10 წელი მოვასწარით მეგობრობა”, – ამბობს ლექსო ვალიაური.

ლექსოც სხვების მსგავსად ამბობს, რომ გურამი დააკლდა ქალაქს და იმ ათიათასობით ადამიანს, ვისთვისაც არასდროს ზოგავდა თავს.

“ძალიან გილისხმიერი, კეთილი, მეგობრული, ერთგული, პასუხისმგებლიანი, გორზე შეყვარებული. ყველა ღონისძიება რაც ჩატარებულა მასშტაბური ყველაში გურიკა რაღაც ეტაპზე ყოველთვის ჩართული იყო. უმღეროდა საკუთარ ქალაქს, უყვარდა ყველა. იცოდა საოცარი ურთიერთობა და გაფრთხილება”, – ამბობს მისი მეგობარი დიმა თინიკაშვილი.

გურამ პაპუაშვილი საზოგადოებამ მუსიკალური კონკურსიდან “ჯეოსტარი” გაიცნო. მას შემდეგ იგი, გორის მერიაში კულტურის მიმართულებით მუშაობდა. გორს ახსოვს მის მიერ დაგეგმილი არაერთი ღონისძიება. მათ შორის არის, რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები და ე.წ “სანთლების აქცია”, რომელიც წლების განმავლობაში გორის მერიამ ტრადიციად აქცია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.