ბლოგები

ტურიზმის განვითარება პანდემიის პირობებში, ანუ ხელახლა დაწყება



ავტორი: თენგო ცერცვაძე

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სწორად დაგეგმვისა და მართვის შემთხვევაში, მდგრადი ტურიზმი ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, ეკონომიკური სარგებლის ზრდას, კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი რესურსების დაცვასა და შენარჩუნებას. ტურიზმი  ეკონომიკის სხვა სექტორებთან შედარებით, უკეთეს შესაძლებლობებს  აძლევს ქალებს, ახალგაზრდებს და სხვა სახის მოწყვლად ჯგუფებს უკეთ მოახდინონ საკუთარი უნარების რეალიზება, განსაკუთრებით თემზე დაფუძნებული ტურიზმი, რომელიც  გორისთვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება სოციალური საკითხების მოსაგვარებლად.

დღეისთვის საქართველოში მოგზაურობისა და ტურიზმის აღდგენის გზა მოითხოვს ინოვაციურ მიდგომას და თანამშრომლობას კერძო სექტორსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის. საწყის ეტაპზე აქცენტი რესურსების მოკვლევასა და ანალიზზე უნდა გაკეთდეს და მხოლოდ ამის შემდგომ დაიგეგმოს ტურისტული პროდუქტის სახეობები. თუმცა ყველა პოტენციური პროდუქტი ადგილობრივ თემთან უნდა იქნას განხილული და შეთანხმებული. რადგან ტურისტულ პროდქუტს სწორედაც რომ ადგილობრივები ქმნიან.

პანდემიამ ეკონიმიკას დიდი ზიანი მიაყენა, ბევრი სფერო დააზარალა და უამრავი სპეციალისტი უმუშევრად დატოვა. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის სექტორმა და მომსახურების სფეროში ჩართულმა ადამიანებმა მიიღეს.  ვეცდები ამ სტატიაში მოკლედ ავხსნა, როგორ შეგვიძლია Covid 19-ის პერიოდი მუნიციპალიტეტში ტურიზმის ხელახალ საწყისად გამოვიყენოთ.

პოსტ პანდემიამ ხელი შეუწყო ეკოტურიზმის სწრაფ ზრდას და პოპულარიზაციას, ეს მიმართუელბა ორიენტირებულია ბუნების კონსერვაციაზე და ადგილობრივი სამუშაო ადგილების შექმნაზე – ტურიზმის აღდგენისთვის და განვითარებისთვის იდეალური შესაძლებლობაა.

საქართველოში ეკოტურიზმი ნელ-ნელა იკიდებს ფეხს და პოპულარულიც ხდება, ამ მიმართულებით რამდენიმე არასამთავრობო თუ სამთავრობო ორაგნიზაცია მუშაობს, მათ შორის საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციაც, რომელმაც 2018 წელს საქართველოში ევროპის ეკოტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეულ ტურიზმისა და ეკოტურიზმის ექსპერტებს გააცნო ჩვენი სამშობლო.

ქვეყანაში გვაქვს ტურისტული პოტენციალი, რომელიც აუთვისებელი ან არასწორად არის გამოყენებული ის ბუნებრივი და კულტურული რესურსი, რომელიც საქართველოს გააჩნია საჭიროებს შენახვას და განვითარებას.

ამ ბაზარზე შესვლა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რადგან ეკოტურისტები მხარჯველუნარიანი მომხმარებლები არიან, აქვთ ჩამოყალიბებული ხედვა მოგზაურობასთან დაკავშირებით.  ეკოტურიზმის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ კოსტა რიკა, რომელმაც ეს მიმართუელბა თავისი ტურისტული სტრატეგიის ძირითადი ელემენტად აქცია და ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც საუკეთესო ეკოტურისტული ლოკაცია. ტაილანდიც ცდილობს გადავიდეს და მოერგოს ამ ბაზრის მოთხოვნებს, რომელიც აერთიანებს სათავგადასავლო მოგზაურობებს, ველნეს ტურიზმს, ღვინის ტურიზმს, ადგილობრივი კულტურის შესწავლა/გაცნობას, ბუნებაში ლაშქრობასა და მრავალ სხვას.

როდესაც მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულია ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტურისტული რესურსი არსებობს და რა მიმართულებით უნდა განაავითაროს/წაახალისოს ბიზნესი მთავრობამ, სწორედ მაგ დროს ყალიბდება საერთო ღირებულებისა და ინტერესის ჯაჭვი, რომელიც იწვევს ბაზრის სეგმენტაციას, პროფილის ჩამოყალიბებას, სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას და შესაბამისად გარემოც უფრო მეტად ხდება მიმზიდველი გადამხდელუნარიანი ტურისტისათვის. ჩვენ შემთხვევაში გამოუცდელი თვალიც მარტივად შეამჩნევს, რომ მსგავსი ეტაპები ჯერ არ გაგვივლია, თუმცა გვიანი არასდროს არაა. 

მუნიციპალიტეტში ეკოტურისტული ობიექტების ნაკლებობას განვიცდით, არ არსებობს არც აგროტურისტული მეურნეობები და სოფლის ტურიზმის მიმართულებითაც დაბალია სერვისის მომწოდებლების მაჩვენებელი. ასევე მინიმალურია რეგლამენტის მიხედვით მონიშნული ტურისტული საფეხმავლო მარშრუტები, რომელიც ადგილობრივ თემებში ტურიზმში ჩართულ სერვისის მომწოდებლებს დაეხმარებათ დამატებითი სარგებლის მიღებაში.

არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ ატენის ხეობაში დაცული ტერიტორია აღარ მოეწყოს და ამ უკანასკნელმა ხეობის განვითარებაში დიდი უკუსვლა გამოიწვიოს, მიზეზად კი ის სახელდება, რომ გარემო და ბუნება ძალიან არის შელახული ადამიანის მიერ. ტურიზმის საერთაშორისო პრაქტიკაში ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნა სპეციალური ორგანიზაცია DMO – აბრევეატურა იშიფრება როგორც „დანიშნულების  ადგილის მართვის ორგანიზაცია“ (Destination Management Organization) და გვევლინება, როგორც ძირითადი მოთამაშე ტურიზმის განვითარებისა და მართვის მიმართულებით ადგილობრივ დონეზე.

პოტენციური საჭიროებიდან გამომდინარე, ორგანიზაციის სამუშაო ფუნქციები შეიძლება შეიცავდეს სტრატეგიულ დაგეგმვას, ადგილობრივი ტურისტული პოლიტიკის განხორციელებას და გატარებას, ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, კრიზისების მართვას, ხარისხის გაუმჯობესებას და უზრუნველყოფას, სამუშაო ძალის განვითარებას და რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. DMO ვალდებულია შექმნას ეფექტური მართვის გეგმა, რადგან როგორც წესი, აკვირდება თანამედროვე ინოვაციებსა და ტენდენციებს. ასეთი პრაქტიკა უფრო მდგრადი და მოქნილია პოტენციური გამოწვევებისა და შეფერხებების დროს – რაც ძალიან მნიშვნელოვანია COVID-19– ის პერიოდში.

ექსპერტები თვლიან, რომ უახლოეს მომავალში მოგზაურობა დღევანდელისგან განსხვავებული და სახეცვლილი იქნება. სწორედ ამიტომ, დღეს ყურადღება გადატანილია ციფრულ ტურიზმზე და მისგან მიღებულ ანალიტიკურ შედეგებზე. მონაცემების დამუშავება და ბაზრის ინტელექტი სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელი ხდება ამ სექტორში ჩართული კომპანიებისათვის, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ დროულად ადაპტირდენ ტექნოლოგიებთან და ჰქონდეთ მოწინავე მარკეტინგული სტრატეგიები, რომელიც მათ სერვისის გამორჩეულს გახდის და გაყიდვების სტიმულირებაში დაეხმარება.

დატოვეთ კომენტარი