ახალი ამბები

„მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან”

„მადლობა ჟურნალისტებს, რომლებიც ყოველთვის ჩვენ გვერდით არიან” , – ჟურნალისტებს მადლობა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა 4-წლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენის ღონისძიების დასასრულს გადაუხადა.

“მე დარწმუნებული ვარ მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი მუნიციპალიტეტის თანამშრომლობა ჩვენს ჟურნალისტებთან და გაშუქება იმ საკითხების, რომლებიც ჩვენს მუნიციპალიტეტში ხდება” , – განაცხადა თავზარაშვილმა.

მან მადლობის სიგელებით დააჯილდოვა “გორმედის” და სამხედრო ჰოსპიტალის ხელმძღვანელობა, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა გიუნაშვილიც, რომელმაც ასევე გორის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიიღო. გორის მერმა მადლობის სიგელი პანდემიის პერიოდში მოსახლეობისთვის გაწეული დახმარებისთვის გადასცა მერიის თანამშრომელს რამაზ შიოშვილსაც.

ანგარიშის წარდგენას ესწრებოდა გუბერნატორიც. ვალერიან მჭედლიძემ განაცხადა, რომ “ბატონი კოტე არსად არ მიდის და რჩება გუნდთან ერთად”. ღონისძიების ბოლოს, თავზარაშვილი მიესალმა იქ მყოფ, მერობის კანდიდატს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და განაცხადა, რომ დარწმუნებულია მის გამარჯვებაში. თავად ხინჩეგაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია.

“სამ თვლაზე ყველამ მადლობის ნიშნად ტაში დავუკრათ ბატონ კოტეს” , – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მენეჯერმა ლია კოვზიაშვილმა ღონისძიების ბოლოს.

მერიის თანამშრომლებმა და შეკრებილმა საზოგადოებამ თავზარაშვილს სამადლობელი ტაში დაუკრა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.