ანალიტიკა / გამოძიება

გორის მერობის კანდიდატთა „მთავარი დაპირება”

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გორში მერობის 4 კანდიდატია რეგისტრირებული. “მთავარი დაპირება” რადიო “მოზაიკას” ერთ-ერთი რუბრიკაა, რომლის ფარგლებშიც კანდიდატებს ვთხოვეთ 1 წუთში ჩაეტიათ თავისი სათქმელი და ესაუბრათ მთავარ დაპირებაზე.

“ევროპული საქართველოს” კანდიდატმა ეთერ ჯალაღანიამ 1 წუთში ისაუბრა იმ პრობლემის მოგვარებაზე, რაც მისი აზრით, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებას აფერხებს. ეს არის კორუფცია და ნეპოტიზმი.

“ალბათ ამომრჩევლისთვის სიახლე არ არის, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ყველაზე მწვავე პრობლემა კორუფცია და ნეპოტიზმია, რაც სერიოზულად აფერხებს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას.მე, ეთერ ჯალაღანია, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში უკომპრომისო ბრძოლას დავიწყებ როგორც კორუფციის, ასევე ნეპოტიზმის წინააღმდეგ. ამ პრობლემების მოგვარება ნიშნავს ევროპული სტანდარტებით მართვას. ზუსტად ეს სჭირდება ჩვენს მუნიციპალიტეტს, რათა მოსახლეობამ შეძლოს იმ სიკეთით სარგებლობა, რომელიც მას ქალაქისა და ქვეყნის ბიუჯეტიდან ეკუთვნის” 

“ქართული ოცნების” კანდიდატმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელზეც გამარჯვების შემთხვევაში გუნდთან ერთად იმუშავებს.

“ვისაუბრებ იმ მიმართულებებზე, რაც ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში პრიორიტეტული იქნება ჩვენი გუნდისთვის; ესენია: მეწარმეობისა და სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოციალური პროგრამების დაფინანსების გაზრდა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ რაიონში შესაძლებელი იყოს ხარისხიანი განათლების მიღება, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ახალგაზრდებს რეალიზების საშუალება ექნებათ. რაც ასევე საჭირო კომპონენტია ეს არის თვითმმართველობაში მოსახლეობის ჩართულობის წახალისება. ამ მიზნების მისაღწევად გვაქვს კონკრეტული ხედვები და პროექტები”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა ვასილ მახარაშვილი მოსახლეობას დაპირდა, რომ გორის ციხის და მიმდებარე ტერიტორიის სრულ რეაბილიტაციას განახორციელებს მისი გამარჯვების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროგრამაში იგივე მიმართულება აქვს პარტიის “საქართველოსთვის” კანდიდატსაც.

“ერთ-ერთი და მთავარი დაპირება არის გორისა და გორის მუნიციპალიტეტში არსებული ინფრასტრუქტურული პროექტების საბოლოოდ მოწესრიგება, როგორიც არის სასმელი წყლის, გზების, გაზიფიცირების და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე, როცა ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენს გუნდთან ერთად ვგეგმავთ მასშტაბური პროექტების განხორციელებას, როგორიც არის გორის ციხის და მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია. ასევე გორის ციხის და გორიჯვრის დამაკავშირებელი საბაგიროს მოწყობას. რა თქმა უნდა, ეს სამუშაოები ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას. 2 ოქტომბერი არის რეფერენდუმის დღე, დღე ცვლილებების”

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” კანდიდატმა კონსტანტინე ანანიაშვილმა განაცხადა, რომ იქნება გორის მუნიციპალიტეტის თითოეული მოქალაქის მერი. მან აღნიშნა, რომ პროგრამა იმ ყველაფერზე დაყრდნობით შეადგინა, რა პრობლემებიც მოსახლეობასთან შეხვედრების დროს მოისმინა.

ჩვენ ვხვდებით ადგილობრივ მოსახლეობას, ვისმენთ მათ პრობლემებს და სწორედ აქედან გამომდინარე გვაქვს დასახული მთავარი მიზნები: ინფრასტრუქტურის და წყალმომარაგების მოწესრიგება, მუნიციპალურ დონეზე სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, მუნიციპალური სამსახურების ეფექტურობის გაზრდა, მომავალი თაობების განათლებაზე ზრუნვა, ახალგაზრდული და სპორტული სივრცეების შექმნა, ქალაქის გენგეგმის დამტკიცება და გეგმის მიხედვით განვითარება, ახალი ტერიტორიების ათვისება, ახალი რეკრეაციული სივრცეები, სადაც კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, განხორციელდება სხვადასხვა კომერციული პროექტები, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს; საჯარო სივრცეების ადაპტირება შშმ პირებისთვის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები მოვლა-პატრონობა, სოფლის ამბულატორიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მუნიციპალიტეტში ცხოვრები მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები. ჩვენს მუნიციპალიტეტს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, რომელიც ასათვისებელია. ჩვენი პროგრამული ხედვა ითვალისწინებს გორის ციხის რეაბილიტაციას და მიზიდულობის გაზრდას, ატენი-ბოშურის ხეობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით ტურიზმის განვითარებას. საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლების განსაკუთრებული მხარდაჭერა, მუდმივი ზრუნვა დევნილ ოჯახებზე. ყველა ამ მიმართულებით, აქტიური თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან

ცნობისთვის, რადიო “მოზაიკა” ფონდი “ღია საზოგადოების” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “მოზაიკა – ადგილობრივი მედია ძლიერი თვითმმართველობისთვის”. სწორედ აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადდა ვიდეოები, რომელშიც კანდიდატები მათ მთავარ დაპირებაზე საუბრობდნენ.

ინფორმაციისთვის, არჩევნების დღეს რადიო “მოზაიკა” საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.