ანალიტიკა / გამოძიება

დევნილები მთავრობას გაზის დავალიანების ჩამოწერას სთხოვენ

გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში დასახლებული დევნილები ხელისუფლებას ბუნებრივი აირის დავალიანების გაუქმებას სთხოვენ.

მათი თქმით უკვე 3 წელია მოხმარებული გაზის საფასურთან ერთად, ძველ დავალიანებასაც იხდიან, რაც ზამთრის თვეებში განსაკუთრებით უჭირთ. ჯამში თითოეულ ოჯახზე დარიცხული დავალიანება 2000-დან 5000 ლარამდე მერყეობს და მას “სოკართან” შეთანხმებით ნაწილ-ნაწილ ფარავენ. მათი განმარტებით ლიახვის ხეობის დატოვების შემდეგ ისინი შეღავათებით სარგებლობდნენ და რა პერიოდში დაგროვდა აღნიშნული დავალიანება მათთვის არავის უთქვამს. 

“15-15 ლარობით ვფარავთ იმ ძველ დავალიანებას და პარალელურად მოხმარებული გაზის საფასურსაც ვიხდით. დასახლებებში ვინც ამ ძველი დავალიანების დაფარვა არ დაიწყო გაზი ჩაუჭრეს. თითოეული ლარი მნიშვნელოვანია დევნილისთვის და ვთხოვთ მთავრობას, რომ 3 წლის შემდეგ მაინც ჩამოგვაწეროს ეს დავალიანება, რადგან ზამთრის თვეებში ბუნებრივი აირის გადასახადი ისედაც მაღალია. გამოდის რომ 3000 ლარამდე თანხა ასე ეტაპობრივად მთელი ჩემი დარჩენილი სიცოცხლე უნდა ვიხადო,” – ამბობს მარინა კასრაძე. 

რადიო “მოზაიკა”გაზის კომპანიასაც დაუკავშირდა და არსებულ ვითარებას გაეცნო. “სოკარის” წარმომადგენლის თქმით, დავალიანება არსებობს, რაც უნდა დაიფაროს. რაც შეეხება ჩამოწერის საკითხს, ეს რომელიმე სამსახურის ან კერძო პირის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული, ვინც დევნილთა ამ მხრივ დახმარებას გადაწყვეტს. 

“თავდაპირველად როდესაც ამ ოჯახების განსახლება მოხდა და დაიწყეს ბუნებრივი აირის მოხმარება არ იხდიდნენ გადასახადს და შესაძლოა ამ პერიოდიდან დაუგროვდათ ეს თანხა. ჩვენი კომპანიიდან არავინ ეტყოდა, რომ გაზის საფასურს არ გადაახდევინებდნენ. შესაძლოა, რაღაც პერიოდით მთავრობამ შეღავათი მისცა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაზი უფასოდ უნდა მოეხმარათ. შეღავათით ახლაც სარგებლობენ და დაგროვებულ დავალიანებას ნაწილ-ნაწილ იხდიან”, – განმარტა თეონა რუხაძე. 

ინფორმაციისთვის, დავალიანების დაფარვა დევნილებს 2017-2018 წლებში მოსთხოვეს. გადაუხდელობის გამო ამ დროისთვის ადგილნაცვალი ოჯახების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.