ახალი ამბები

გორში მოკლული კენედის მშობლები საქმის დეტალების გასაცნობად საქართველოში ჩამოვლენ

გორში მოკლული ტომ კენედის მშობლები საქართველოში ჩამოვლენ და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის დეტალებს გაეცნობიან. ამის შესახებ, კენედის მეგობარი ოლივია ბარეტი წერს, რომელმაც ცხედრის გადასვენების ხარჯების დასაფარად სპეციალური გვერდი შექმნა, რომლის დახმარებითაც თანხა გროვდება.

“ჩვენი მიზანია, დავაფინანსოთ ტომის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ხარჯები, რადგან კორონავირუსის პანდემიის პირობებში გადასვენების პროცედურა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ასევე დავეხმარებით ტომის ოჯახის წევრებს იმისთვის, რომ საქართველოში ჩავიდნენ და გაეცნონ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს” , – ამბობს ოლივია ბარეტი.

ვებ-გვერდის საშუალებით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხა გადარიცხოს ტომას კენედისთვის შექმნილ ფონდში. კენედის მეგობრების თავდაპირველი მიზანი 25 000 ევროს შეგროვება იყო, თუმცა ერთ დღეში უკვე 48 000 ევროზე მეტი შეგროვდა.

ტომ კენედის მკვლელობის საქმეზე 5 პირია დაკავებული. საქმეს გორის რაიონული სასამართლო განიხილავს. როგორც ცნობილია, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები