ბლოგები

აიპ-ები – ადმინისტრაციული რესურსის სამჭედლო

ავტორი: მიშა ჩიტაძე

ისევ ეს ლეგენდარული ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც ოპოზიციურ მდგომარეობაში მყოფ პარტიებს არ მოსწონს, ხოლო მმართველი ძალისთვის (რომელიც არ უნდა იყოს) ასეთი ტკბილი და მიმზიდველია! რა არის, სად იბადება და სად ცხოვრობს?

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასა და სამართლიან არჩევნებს შორის კორელაციაზე ყველა მნიშვენლოვანმა და წონიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ უკვე ძალიან ბევრი წერა, იკითხა და იქადაგა. მაგალითად, ევროპის საბჭომ ვრცელი პუბლიკაცია მიუძღვნა ამ საკითხს. ამ დოკუმენტის მიხედვით,  ადმინისტრაციული რესურსი მოიცავს ადამიანურ, ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს, რომლებზეც ხელი მიუწვდებათ არჩეულ თანამდებობის პირებს, მაღალი რანგის ჩინოვნიკებსა და სამთავრობო კანდიდატებს.  ადმინისტრაციული რესურსი საარჩევნო და პოლიტიკური ბრძოლის კონტექსტში, წარმოადგენს მმართველი ძალის მიერ ამგვარი რესურსების არამართლზომიერ გამოყენებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. დღეს შევეცდები ადამიანურ და ნაწილობრივ ფინანსურ რესურსებს შევეხო.

ადმინისტრაციული რესურსის პოლიტიკური მიზნით გამოყენება სათავეს საბჭოთა პერიოდიდან იღებს როდესაც ქვეყანაში ერთადერთი დამსაქმებელი სახელმწიფო იყო და მთელი მოსახლეობა ნებით თუ უნებლიეთ მმართველი ელიტის ნებაზე იყო დამოკიდებული – ხელფასით, კარიერით, მოპარვით და ასე ნელნელა გამოჰყავდათ ადამიანის ახალი ჯიში Homo Sovieticus (საბჭოთა ადამიანი), შეიძლება ითქვას საბჭოთა კავშირის მთელი მოსახლეობა ადმინისტრაციული რესურსი იყო.

საბჭოთა კავშირის კრახის შემდეგ, თავისუფალი (უფრო სწორი იქნებოდა ველური) ბაზრების ფორმირებამ, სახელმწიფო სერვისების რეფორმებმა და პლურალიზმის განვითარებამ დიდი დარტყმა მიაყენა ადმინისტრაციულ რესურსის მოცულობას და საგრძნობლად დაასუსტა იგი, მაგრამ მაინც ეფექტურ მექანიზმად დატოვა პოლიტიკური და საარჩევნო პროცესებში მანიპულირებისთვის.

საქმე იმაშია, რომ საბჭოთა კავშირის რღვევას ეკონომიკური კოლაფსი მოყვა.  ბაზარმა ვერ უზრუნველყო საკმარისი სამუშაო ადგილების შექმნა და დღემდე ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი სახელმწიფოა. სახელმწიფო სერვისების რეფორმები განსაკუთრებული წარმატებით, ძირითადად, მოქალაქეთა, მათი და სახელმწიფო ქონების და შემოსავლების აღრიცხვის სფეროში განხორციელდა, რაც უკიდურესად ცენრტალიზებული მმართველობის სისტემის შემოსავლების მობილიზების და კონტროლის ძირითადი დასაყრდენი გახდა. საპოლიციო რეფორმამ კი უზრუნველყო დაბალ დონეზე კორუფციის საგრძნობი შემცირება, მაგრამ ძალაუფლების არადაბალანსებული გადანაწილების პირობებში მმართველი ძალის დამსჯელ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა და პერიოდულად პოლიტიკურ ძალაუფლებასაც კი ეპოტინება. დაბოლოს პოლიტიკური პლურალიზმიც არც ისე პლურალისტური გამოგვივიდა:  დამოუკიდებლობის მთელ პერიოდში მხოლოდ ერთი ძალა დომინირებს, პერიოდულად იცვლება, მაგრამ მაინც მხოლოდ ერთია: მრგვალი მაგიდა, მოქალაქეთა კავშირი, ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება. როგორც ყველაფრიდან ჩანს, ჩვენც არც ისე შორს წავსულვართ საბჭოთა კავშირიდან.

ახლა ვნახოთ, სად ბინადრობს ყბადაღებული ადმინისტრაციული რესურსი:

იგი პირობითად ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ: ცენტრალური და ადგილობრივი. შორს ვარ იმ ილუზიიდან, რომ საქართველოში მრავალდონიანი მმართველობა გვაქვს. პირიქით – მიმაჩნია, რომ ულტრაცენტრალიზებულ ქვეყანაში ვცხოვრობთ.  თუმცა,  დავყოთ იმის მიხედვით პირდაპირ ცენტრიდან იღებს დირექტივებს, თუ ადგილობრივი ვითომ დამოუკიდებელი რგოლების გავლით.

ცენტრალური რესურსებად შეგვიძლია განვიხილოთ სამინისტროები, მათი სსიპ-ები და ადგილებზე მათი წარმომადგენლობები. მათი მონაწილეობა პოლიტიკურ (და საარჩევნო) პროცესებში უფრო გარემოს შექმნით შემოიფარგლება, მარტო რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონების განვითარების პროგრამა რად ღირს, რაც წინასაარჩევნოდ ქალაქებში შენობების ფასადების გარემონტებაში გამოიხატა.

მთავარი დამრტყმელი ძალა ადგილობრივი ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი აიპებია.

და ამდენი წერის შემდეგ მივადექით ჩვენს მთავარ სამიზნეს – აიპ-ებს.

თვითმმართველობის კანონმდებლობამ მკაცრად შეზღუდა თვითმმართველობის თანამშრომელთა რაოდენობა და დაუკავშირა მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობას, შესაბამისად, პირდაპირ მერიასა და საკრებულოში მასშტაბური ადმინისტრაციული რესურსის შექმნა შეუძლებელია. თან, საშტატო განრიგიც და სახელფასო მონაცემებიც უპირობოდ და ადვილად ხელმისაწვდომია. გამოსავალი მოიძებნა – მერიის მიერ ჩამოყალიბებული არასამეწარმეო იურიდიული პირების – აიპ-ების სახით.

აიპ-ები, წესით, კონკრეტული სერვისების მიწოდების მიზნით უნდა იქმნებოდეს და ჩემი ღრმა რწმენით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე ამ სერვისის მიმწოდებელი არაა ან იგი მონოპოლიურ მდგომარეობაშია და ამ მდგომარეობას ბოროტად იყენებს. დავეყრდნობი რადიო „მოზაიკის“ კვლევის შედეგებს:

მონაცემებზე ერთი თვალის გადავლებით ჩანს ის ლოგიკა, რაზეც ამდენი ვილაპარაკე, დასაქმებულთა რაოდენობა, სახელფასო ფონდი, თანამშრომელთა დამოკიდებულება თავისი სამსახურისადმი, რასაც არამხოლოდ ეს კვლევა, არამედ სახელმწიფო აუდიტის დასკვნები ააშკარავებს. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება მუნიციპალიტეტი საფეხბურთო კლუბზე იმდენსვე ხარჯავდეს, რამდენსაც წყალმომარაგებაზე და ახლა არ მითხრათ, წყალმომარაგებას საქართველოს წყალი ახორციელებსო.  მე ერთი ვიცი:  წყალმომარაგება თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებაა და რა მდგომარეობაშია ამჟამად, დიდი კვლევა არ სჭირდება.  ნება იბოძონ და მიხედონ.

შექმნილია ისეთი აიპ-ები, რომლებიც საერთოდ არაა საჭირო და თამამად შეიძლებოდა მათი გაუქმება. მაგალითად, კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტოც გამოდგება,  რომელიც აერთიანებს რამდენიმე დაწესებულებას და მართავს მათ საქმიანობას. ოღონდ ერთი ვერ გავიგე: აბა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური რაღას აკეთებ? დავიჯერო, პირდაპირ სააგენტოს გარეშე ვერ მართავდა სააგენტოში შემავალ დაწესებულებებს? მაგრამ აქ სხვა ძაღლის თავია დამარხული. ალბათ, გეხსომებათ ორიათას ათიანი წლების შუა პერიოდში აგორებული კამპანია აიპ-ების სიმრავლის გამო. ჰოდა, გამოსავალიც მოძებნეს და აიპები ერთ აიპად გააერთიანეს. თავად დაწესებულებებში, დასახელების გარდა, არაფერი შეცვლილა. მენეჯმენტიც და შემსრულებელიც იგივე დარჩა.  სამაგიეროდ, გაერთიანებაში შეიქმნა ახალი, ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასაჭირო აიპ-ი. კვლევის მიხედვით, თუ ქალაქსა და სასოფლო მუნიციპალიტეტში ჯამურად 56 აიპ-ი იყო, რეორგანიზაციის შედეგად 10-ზე დაიყვანეს, ოღონდ ისე, რომ თანამშრომელთა რაოდენობა მხოლოდ 40-ით შემცირდა (თითო აიპ-იდან 1-ც კი არა). როგორც კვლევიდან ირკვევა, შტატიანი და უშტატო თანამშრომლების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება და ალბათ უკვე დიდი ხანია საწყის რაოდენობას გადააჭარბა.

ადმინისტრაციული რესურსი სისტემაშიც მოვიდა და სამხედრო იერარქიას დაემსგავსა: აიპებში შემავალი დაწესებულებები – ათეული, აიპ-ები ასეული, მერია ალბათ უკვე ათასეული, გუბერნია – პოლკი და საერთო ჯამში საკმაოდ სოლიდური არმია იქმნება. თუ გორში აიპ-ებში დაახლოებით 3000 ადამიანია დასაქმებული, ალბათ, საშუალოდ მუნიციპალიტეტებში თვითმმართველი ქალაქების გათვალისწინებით 1500 ადამიანი უნდა ვიანგარიშოთ, რაც საერთო ჯამში 100 000 თანამშრომლამდეა (წარმოიდგინეთ, ერეკლეს ამხელა ლაშქარი რომ ყოლოდა).

ახლა ვნახოთ, რა გვიჯდება ამ ლაშქრის შენახვა: 

კვლევაში მოყვანილი მონაცემებით, შრომის ანაზღაურებაზე, საშუალოდ, აიპ-ებზე გამოყოფილი სახსრების დაახლოებით 75% მოდის, ხოლო 2021 წელს გორის მუნიციპალიტეტმა აიპ-ებზე 20 241 000 ლარი დახარჯა, საიდანაც ხელფასებზე 15 მილიონზე ცოტა მეტი მოდის. ზემოთ გამოყენებული ლოგიკით თუ გადავთვლით ქვეყნის მასშტაბით 200 მილიონსაც კი შეიძლება მივუკაკუნოთ.

ეს ანალიზი კიდევ შემეძლო გამეგრძელებინა, მაგრამ ვთვლი, რომ საკმარისია და გასაგებია, რომ ამდენ სახსრებს, ამდენი ადამიანის შენახვისთვის,  რისთვის ვიხდით.  ამავდროულად,  თვითმმართველობის სერვისები ჯიუტად არ უმჯობესდება.

რაც შეეხება სიტუაციიდან გამოსავალს: 

უკვე მრავალჯერ მითქვამს და კიდევ ვიტყვი, რომ უმთავრესი გამოსავალი, ესაა მმართველობის სისტემის ძირეული რეფორმა, რომლის  მთავარი სამიზნე და სწორების ობიექტი მოქალაქე და მისი საჭიროებები იქნება და არა მმართველი ელიტის ინტერესები. ვხედავ თუ არა პერსპექტივას? გულახდილად გეტყვით, ვერა! ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მდგომარეობა ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.  საარჩევნო პროცესებმა ნათლად დაგვანახა, რომ ფაქტიურად არცერთი პოლიტიკური ძალა, რომლებმაც თუნდაც მცირე წარმატებას მიაღწიეს,  არ აპირებს და არც კი ფიქრობს ამ სახის რეფორმაზე.  შესაბამისად, სამწუხაროდ, ისეთი პირი უჩანს, რომ აიპ-ები და მათი თანამშრომლების არმიები კვლავ დიდხანს აფრიალებენ შტანდარტებსა და დროშებს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები