ანალიტიკა / გამოძიება

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მუშაობის შედეგები და რეკომენდაციები ახალ მერს

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მუნიციპალიტეტის არჩეულ მერს ე.წ. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შექმნას ავალდებულებს.

ჯერჯერობით უცნობია შეიცვლება თუ არა მოქმედი საბჭოს შემადგენლობა მას შემდეგ, რაც გორის ახლადარჩეული მერი, ლადო ხინჩეგაშვილი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგება. კონსტანტინე თავზარაშვილის მერობის პერიოდში ამ გაერთიანებას 14 წევრი ჰყავდა, მათ შორის იყვნენ რიგითი მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მისი შემადგენლობა და დებულება 2018 წელს, მერის ბრძანებით დამტკიცდა.

სათათბირო ორგანოს ერთ-ერთი წარმომადგენელია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, გორის ოფისის ხელმძღვანელი, დაკო მურადაშვილია. მისი აზრით, საბჭო დახვეწას საჭიროებს და მისი ფუნქციონირება მხოლოდ რამდენიმე წევრის ჩართულობით არ უნდა განისაზღვრებოდეს.

“აუცილებლად უნდა შეიცვალოს და მისი დაკომპლექტება სხვანაირად უნდა მოხდეს. ვისაც მართლა აქვს სურვილი ის უნდა იყოს ამ გაერთიანების წევრი და მხოლოდ ხათრის გამო არ უნდა დადიოდნენ სხდომებზე. როდესაც თავად სისტემა არ არის გამართული და საბჭოს საქმიანობის წარმატება მხოლოდ რამდენიმე წევრის ძალისხმევაზეა დამოკიდებული – ძალიან რთულია. მრჩეველთა საბჭო ძალიან კარგი მექანიზმია,მაგრამ მის ეფექტურ მუშაობას ბევრი რამ სჭირდება”, – ამბობს დაკო მურადაშვილი.

ამ ფორმატში კომუნიკაციის გაგრძელების აუცილებლობაზე მიუთითებს საზოგადოება “ბილიკის” წარმომადგენელი მარიკა მღებრიშვილი. მისი აზრით, საბჭოს მნიშვნელოვანი ინიციატივების შემუშავება შეუძლია, რისთვისაც საზოგადოების აქტიურობაა საჭირო.

საბჭოს მუშაობა მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმაა. მის მუშობაში კი უნდა ჩაერთონ მოტივირებული ადამიანები, რომლებიც წარმოადგენენ ადგილიბრივ თემს და აქვთ გამოცდილება სხვადსხვა სფეროში. წინასაარჩევნოდ, ლადო ხინჩეგაშვილმა პროგრამის პრეზენტაციაში გამოყო მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი საკითხია, რაც თვითმმართველობის და ადგილობრივი მოსახლეობის ურთიერთანამშრომლობას უკავშირდება. გორის სამოქლაქო ინიციატივის ფარგლებში ადგილობრივი არასთავრობო სექტორი და ადგილობრივი აქტიური მოქალაქეები ვმუშოაბთ ამ საკითხზე და გვაქვს ინიციატივა, რომლის შესახებაც აუცილებელია ახლადარჩეულ მერთან დიალოგის გაგრძელება. “,- უთხრა რადიო “მოზაიკას” მარიკა მღებრიშვილმა.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შეუერთდა ვიქტორ ქარქიშვილიც. მისი აზრით, გასული წლების განმავლობაში რიგი საკითხების გათვალისწინება მოხდა მერის მხრიდან, თუმცა საზოგადოების მხრიდან უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო. ჯერჯერობით არ იცის მიეცემა თუ არა ისევ ამ საბჭოს წევრის სტატუსით მუშაობის გაგრძელების საშუალება, თუმცა ახალ მერს, იუნფრასტრუქტურული პროექტების შედგენისას, ადაპტაციის საკითხზე ყურადღების გამახვილებას ურჩევს.

დაახლოებით ორ თვეში ერთხელ ვიკრიბებოდით. რამოდენიმე საკითხი იყო, სადაც ვიმსჯელეთ და  გაითვალისწინა მერმა ჩვენი რეკომენდაციები. ვფიქრობ, უფრო მეტი ჩართულობა თუ იქნებოდა საზოგადოების მხრიდან, უფრო მეტს გავაკეთებდით. არ ვიცი გააგრძელებს თუ არა საბჭო ამ შემადგენლობით მუშაობას, მაგრამ ახალ მერს ვურევდი, რომ  არცერთ ობიექტის მშენებლობას, რეაბილიტაციას, თუ რეკონსტრუქციას არ მოაწეროს ხელი, თუ არ იქნება შშმ პირებისა და არა, მხოლოდ მათთვის ადაპტირების საკითხი გათვალისწინებული”, – აღნიშნა ვიქტორ ქარქიშვილმა.

ინფორმაციისთვის, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო – ეს არის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მეწარმე იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. კანონის შესაბამისად, საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი და იგი განისაზღვრება არანაკლებ 10 წევრით.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.