ახალი ამბები

გორში 12 წლის ბავშვმა ხილი უნებართვოდ მოკრიფა – მეპატრონეებმა ის სცემეს და დაამცირეს

გორში, 12 წლის ბავშვმა ხილი უნებართვოდ მოკრიფა – ბაღის მეპატრონეებმა ის სცემეს, აიძულეს მაისურის და შარვლის გახდა და ამ მდგომარეობაში გაუშვეს ქუჩაში. ინფორმაციას ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ავრცელებს, რომელიც არასრულწლოვნის ინტერესებს სასამართლოში იცავს.

“ბავშვმა ხილი უნებართვოდ მოკრიფა, რის შედეგადაც ხილის ერთერთმა მეპატრონემ ბავშვს პლასტმასის მილით ფიზიკური დაზიანება მიაყენა ფეხზე, ხოლო მეორემ ბავშვი ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა ხიდან, რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, დაარტყა ფეხი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით წელსზემოთ გააშიშვლა, აიძულა შარვლის გახდა და ამ მდგომარეობაში ბავშვი ქუჩაში გაუშვა. მოზარდს სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა.” , – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ცნობით, ბავშვის მშობელმა იმავე დღეს მიმართა პოლიციას და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ბავშვს გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც.

გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში საქმეში ბავშვის ინტერესების დასაცავად PHR ჩაერთო, ორგანიზაციამ მოითხოვა ბავშვის დაზარალებულად ცნობა დამამცირებელი მოპყრობის მუხლით. 

PHR-ის წარმომადგენელმა სწორი კვალიფიკაციით ბავშვის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა პროკურორს. პროკურორის უარი გასაჩივრდა ზემდგომ პროკურორთანაც, თუმცა უშედეგოდ.  პროკურატურამ უარი განაცხადა ბავშვის მიმართ განხორციელებული ქმედებების დამამცირებელ მოპყრობად შეფასებაზე. ხოლო მილის დარტყმით მიყენებული დაზიანების ნაწილში საერთოდ არ იმსჯელა ბავშვის დაზარალებულად ცნობაზე. 

PHR-მა ერთი პირის მხრიდან ბავშვის მიმართ დამამცირებელი მოპყრობისა და მეორე პირის მხრიდან ბავშვის მიმართ ძალადობის მუხლით დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურატურის უარი სასამართლოში გაასაჩივრა.

2021 წლის 15 ოქტომბერს გორის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ლევან დარბაიძე) პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ არ ითვალისწინებს სწორი კვალიფიკაციით დაზარალებულად ცნობაზე უარის სასამართლოში გასაჩივრებას, სასამართლოს განმარტების თანახმად, პირის დაზარალებულად ცნობა მოიაზრებს სწორი კვალიფიკაციით დაზარალებულად ცნობას. 

შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპისა და საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე, ასევე,  ნორმის მიზნიდან გამომდინარე, რომ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილება სასამართლო კონტროლს ექვემდებარება, სასამართლომ განიხილა წარდგენილი საჩივარი და გაიზიარა ადვოკატის არგუმენტაცია, რომ სავარაუდო დამნაშავის მხრიდან ბავშვის მიმართ განხორციელებული ქმედებები, მათი ხასიათის, ინტენსივობის, ბავშვის ასაკისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მთლიანობაში ცდებოდა ფიზიკური ძალადობის შემადგენლობას და წარმოადგენდა დამამცირებელ მოპყრობას. ხოლო მეორე პირის მხრიდან მილის დარტყმის ფაქტი შეაფასა ბავშვის მიმართ ფიზიკურ ძალადობად.

სასამართლომ, აგრეთვე იმსჯელა გამოძიების ხარისხსა და  პროკურატურის მხრიდან გამოძიების პროცესში  ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფაზე. მოსამართლემ მიუთითა, რომ მოწმე ბავშვის ადვოკატის გარეშე გამოკითხვა, არღვევს ბავშვის უფლებას და ბავშვის დაზარალებულად ცნობის პროცესში პროკურატურას უპირატესობა უნდა მიენიჭებინა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. 

გამომდინარე აქედან, სასამართლომ გააუქმა პროკურატურის უარი  სწორი კვალიფიკაციით ბავშვის დაზარალებულად ცნობის შესახებ და გორის რაიონულ პროკურატურას დაავალა ბავშვის დაზარალებულად ცნობა დამამცირებელი მოპყრობისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ საჩივრდება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა დღემდე არ ასრულებს. 

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” განაგრძობს ბავშვის ინტერესების დაცვას.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2019 წლიდან.