ახალი ამბები

შიოშვილი: 5000-მდე მსურველია, მაგრამ ამდენი ხალხი შეიძლება არც დაგვჭირდეს 

“გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე” – ამ მოწოდებით “ქართულმა ოცნებამ” ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა.  მმართველმა პარტიამ აქციაზე დასასწრებად ხალხის მობილიზება რეგიონებში უკვე დაიწყო. ცნობილია, რომ აქციას გორიდანაც შეურთდებიან.

“დამირეკეს შენი “მარშუტკა” გვჭირდებაო, თავისუფლების მოედანზე აქციას ვატარებთ და ხალხი უნდა წავიყვანოთო. უკვე გადანაწილებულია რომელ “მარშუტკაში” რამდენი ადამიანი დაჯდება. რა თქმა უნდა თანხას გადამიხდიან აღნიშნულ მომსახურებაში”, – ამბობს ერთ-ერთი მძღოლი რადიო “მოზაიკასთან” საუბარში. 

ოპოზიციის მტკიცებით,  “ქართული ოცნების”  გორის ოფისის წარმომადგენლებს შედგენილი აქვთ სიები და ინიშნავენ ვინ მიდის თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაზე. ბრალდებას უარყოფენ მმართველ პარტიაში.

გორის მერის მოადგილე და “ქართული ოცნების” გორის ოფისის აღმასრულებელი მდივანი, თამაზ შიოშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართელს არ შეესაბამება  და აქციაზე წასვლა ყველასთვის ნებაყოფლობითია. 

“ყველა ადამიანზე მე ვიქნები პასუხისმგებელი, რომ სურვილი ვიას არ ექნება, არავის ძალით არ წაიყვანენ. ვინც იქ არ წავა, არავინ შეეხება მის სამსახურს. არც არავინ აკეთებს სიებს. ეს სრულად ნებაყოფლობითია”, – განაცხადა შიოშვილმა.

შიოშვილის განმარტებით, აქციაზე წამსვლელთა რიცხვი ძალიან დიდია, მათ შორის არიან მერიის თანამშერომლებიც, რომლებიც ერთ დღიან შვებულებებზე განცხადებას დაწერენ. 

27 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე “ქართული ოცნება” აქციას გეგმავს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.