ახალი ამბები

ხოჯევანიშვილი: პანდემიის პირობებში ასეთი აქციების გამართვა სრული უპასუხისმგებლობაა

პარლამენტის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი პანდემიის ფონზე აქციების გამართვას უპასუხისმგებლობას უწოდებს. მისი აზრით, ორივე დაპირისპირებულ პარტიას მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე მეტად, საკუთარი პოლიტიკური ინტერესები აღელვებს, რაც ხოჯევანიშვილის თქმით, მათ მიერ ფართომასშტაბიანი აქციების მოწყობაში გამოიხატება.

“ქვეყანა რომელიც ვირუსის გავრცელების მასშტაბით მსოფლიოში ერთ-ერთი ანტირეკორდსმენია, ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად 5000-ს აღწევს და 50-მდე გარდაცვალების ფაქტი ფიქსირდება დღეში, ასეთი ღონისძიებების მოწყობა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რომ მის ორგანიზატორებს საქართველოს მოსახლეობის ბედი საერთოდ არ აღელვებთ. პანდემია არის ნომერ პირველი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და ნაცვლად იმისა, რომ მთავრობამ ეფექტური ღონისძიებები შესთავაზოს მოსახლეობას ვირუსთან ბრძოლისთვის და თითოეული ადამიანის ჯანრთელობის მდგომარეობას გაუფრთხილდეს, ამ აქციებით ჩვენ ვხედავთ ასეთ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს”, – აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 14 ოქტომბერს თბილისში ფართომასშტაბიანი აქცია “ნაციონალურმა მოძრაობამაც” გამართა.
დატოვეთ კომენტარი