ახალი ამბები

“არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად” – გორის უნივერსიტეტის არქეოლოგიური გათხრები ნიქოზში 

პარტნიორული მასალა

“არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს“ – ასე ჰქვია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროექტს, რომელსაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით ახორციელებს. 

პროექტის ფარგლებში უნივერისტეტის პროფესორები და სტუდენტები საოკუპაციო ხაზთან მდებარე, სოფელ ქვემო ნიქოზში, ერთ-ერთი ადგილობრივის ნაკვეთზე არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებენ. 

უნივერსიტეტის რექტორის თქმით, აღნიშნული პროექტის იდეა, მას შემდეგ გაუჩნდათ, როცა ქვემო ნიქოზში მცხოვრებისგან შეიტყვეს, რომ მის ბაღში ძველი ნივთები აღმოაჩინა. 

გიორგი სოსიაშვილი, გორის უნივერსიტეტის რექტორი

ადგილობრივმა მკვიდრმა, დავით დევიძემ თავის საკარმიდამო ნაკვეთში აღმოაჩინა ძალიან საინტერესო ნივთები, მათშორის ჭურჭლის ფრაგმენტები, ასევე ბრინჯაოს და რკინის წიდები, შეგვატყობინა ამის შესახებ. დავათვალიერეთ ადგილზე და გაგვიჩნდა იდეა შეგვექმნა პროექტი და დაგვეწყო არქეოლოგიური გათხრები. ჩვენ გავიმარჯვებთ კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული პროექტის ფარგლებში და ჩვენმა სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა დაიწყეს არქეოლოგიური გათხრები ქვემო ნიქოზის ტერიტორიაზე.

უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორებისგან შემდგარმა ჯგუფმა 4 ადგილი გამოკვეთა, სადაც ამ დროისთვის მიმდინარეობს კვლევა. აღნიშნული თხრილებიდან ერთ-ერთში აღმოჩნდა სამარხიც, რომელიც ბრინჯაოს ხანით თარიღდება. 

ირაკლი სოზიაშვილი, არქეოლოგი

ერთ-ერთ თხრილში აღმოჩნდა ე.წ. ორმო-სამარხი. მასში ჩასვენებულია ერთი მიცვალებული, თავით სამხრეთისკენ. სამარხი თარიღდება ადრე ბრინჯაოს ხანით, ძვ.წ აღრიცხვის მესამე ათასწლეულის ფინალური ეტაპით და ეკუთვნის მტკვარ-არაქსის კულტურას.

გათხრებისას გამოიკვეთა, რომ სამარხში გამოვლენილი მიცვალებულის ძვლოვანი ნაშთების (ქალა და წვივის ძვალი) მიხედვით, წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ადრებრინჯაოს ხანის მიწურულს (ძვ.წ.III ათასწ. შუა ხანები) გაჭრილ ამ სამარხში მიცვალებული ხელ–ფეხმოხრილ პოზაში დაუკრძალავთ, თავით სამხრეთაღმოსავლეთისკენ და თან თიხის მცირე ზომის ქოთნით სასმელი ან საჭმელი („საგზალი“) გაუტანებიათ.

სოფო სეხნიაშვილი, სტუდენტი

ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უნივერსიტეტისთვის, განსაკუთრებით კი სტუდენტებისთვის, რადგან გვეძლევა საშუალება, რომ თეორიული ცოდნა გავიმყაროთ პრაქტიკაში და უფრო მეტი ვისწავლოთ. ეს არქეოლოგიური გათხრები ბევრის მომცემია ჩვენთვის.

გორის უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი სოსიაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში მოეწყობა ღია სივრცე, სადაც აღმიჩენილი ნივთების ფოტომასალა განთავსდება. მისი თქმით, სამომავლოდ პროექტის გაგრძლებაზეც ფიქრობენ და მასში უცხოელ პარტნიორებსაც ჩართავენ. 

დატოვეთ კომენტარი