ახალი ამბები

გორში, კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელი დაფინანსების გაზრდას ითხოვს

25 ნოემბრამდე საკრებულომ მერიას 2022 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები უნდა გადაუგზავნოს. შედგენილი დოკუმენტის პირველად ვერსიაში დაფინანსების ჩასწორებას ითხოვს გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი. გელა კაპანაძის ინფორმაციით, სააგენტოს, რომელსაც ხელმძღვანელობს, 4 ახალი ობიექტი გადაეცა, თუმცა წლიური დაფინანსება იგივე დარჩა. გელა კაპანაძე ფიქრობს, რომ 2022 წელს, 2 მლნ 410 ათას ლარიანი სუბსიდია კიდევ 250 000 ლარით უნდა გაიზარდოს, იმისთვის, რომ ახალი ობიექტების მოვლა-პატრონობა სრულფასოვნად იყოს შესაძლებელი.

“იქიდან გამომდინარე რომ ჩვენს დაქვემდებარებაში 4 ახალი ობიექტი გადმოვიდა, ბუნებრივია ამ შენობებს დასჭირდება მომსახურე პერსონალი. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, გუდაბერტყას მუზეუმი, გორის ციხე თავისი პავილიონით, ატენის სიონის მიმდებარე ტერიტორია, ეს არის საპარკინგე ადგილი. რამდენადაც ვიცი ატენის საპიკნიკე ადგილის გადმოცემაც იგეგმება ჩვენთან უზუფრუქტით. როგორც ვიცი, მოლაპარაკების პროცესშია ეს საკითხი მერიასა და ეროვნულ ადმინისტრაციას შორის. შესაძლოა ადამიანური რესურსის ნაწილში გავწვდეთ, თუმცა საჭირო იქნება სპეციალური პროფილით მომუშავე ადამიანების ჩართვა. კომუნალური ხარჯები გაძვიერბულია და ეს კორექტირებას შემოიტანს აუცილებლად. სწორედ ამიტომ ვითხოვ, რომ სუბსიდირების საკითხები დეტალურად იყოს განხილული. იგივე ბიუჯეტის პირობებში ამ ყველაფერს თავს ნამდვილად ვერ გავართმევთ”, – აღნიშნა გელა კაპანაძემ.

დატოვეთ კომენტარი