ახალი ამბები

“სააკაშვილს პირადი ჰიგიენის ნივთები სჭირდება” – ის სახალხო დამცველმა მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ შესვლა ძალიან გართულებულია და სააკაშვილის სანახავად სულ მცირე ორი საათი დასჭირდა. ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში შექმნილ სამედიცინო ჯგუფის წევრებს მიეცათ საშუალება, კიდევ ერთხელ გაესინჯათ მიხეილ სააკაშვილი. ლომჯარია ამბობს, რომ გარკვეული საკითხები, რაზეც შენიშვნები ჰქონდათ, გამოსწორებულია. სახალხო დამცველის ინფორმაციით, სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გადაყვანის რეკომენდაცია ჯერ არ აქვთ, პროცესამდე ჯგუფი კიდევ ერთხელ შეიკრიბება ზოგადი ვითარების შესაფასებლად, თუმცა ექს-პრეზიდენტის სასამართლო დარბაზში გადაყვანაზე ამ ეტაპზე არ მსჯელობს. 

“ბადრაგი მის გასინჯვებსა და სამედიცინო შემოწმებას აღარ ესწრება. ამ წუთისთვის პრობლემაა ის, რომ გარკვეული პირადი და ჰიგიენის ნივთები სჭირდება. ასევე სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება, როდესაც მას ფიზიკურად შეეძლება ამის გაკეთება და ეს მოსაგვარებელია, ამ ინფორმაციას პენიტენციურ სამსახურს გადავცემთ. ფანჯარას რაც შეეხება, ეს საკითხი მოგვარებულია და დღეს მას სუფთა ჰაერის მიღების საშუალება აქვს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის მორიგი პროცესი 29 ნოემბერსაა ჩანიშნული.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.