ახალი ამბები

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ტყვიავში, ფერმერების მოსავლით დაინტერესდა

“არასტანდარტული ვაშლისგან მიღებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე იყიდება და ჩვენი ქვეყანა 4-დან 5 მილიონამდე ევროს შემოსავალს იღებს”, – ეს განცხადება გორში ყოფნისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გააკეთა. გიორგი ხანიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და არასტანდარტული ვაშლის მოსავლის დაბინავება-რეალიზაციის პროცესს გაეცნო. 

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  შიდა ქართლის რეგიონში არსებული ხილის გადამმუშავებელი საწარმოები  არასტანდარტული ვაშლის მიღებას შეუფერხებლად  განაგრძობენ. მინისტრის მოადგილის განმარტებით, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული 12 კომპანიის მიერ ჯამში გადამუშავებული ვაშლის რაოდენობამ  31 000 ტონას მიაღწია.

მინისტრის მოადგილესთან ერთად, ტყვიავში შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძეც იმყოფებოდა.


“შიდა ქართლი ვაშლის წარმოების მხრივ პირველ ადგილზეა.  ფერმერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაშლის მოსავლის დროული დაბინავება. სახელმწიფოს პროგრამის ფარგლებში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობა  ხილის გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით მომარაგებას უზრუნველყოფს”, – აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, აბელ აბესაძემ. 


ინფორმაციისთვის, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერები პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ  საწარმოებში, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 22 თეთრად,  15 დეკემბრამდე შეძლებენ.  პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდია 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრია. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ნინო ჩიბჩიური

ნინო ჩიბჩიური არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.