ახალი ამბები

გორის მერიას ყოფილმა თანამშრომელმა უჩივლა – დავა 4 წელია გრძელდება

2017 წელს გორის მერიის და გამგეობის შერწყმის პროცესში ნინო გელაშვილისთვის, რეორგანიზაციის შემდეგ, მერიაში სამსახური ვეღარ გამოიძებნა.

იგი 2017 წლამდე მერიაში იყო დასაქმებული. გელაშვილმა სასამართლოს მიმართა და მოითხოვა მობილობის პროცედურების განხორციელების შედეგად სამსახურში დანიშვნის ბრძანების გამოცემის დავალდებულება და განაცდურის ანაზღაურება.

გორის მერიის ცნობით, გელაშვილის სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

“მერიას დაეკისრა 5 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით კომპენსაციის გაცემა” , – განმარტავენ მერიაში.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა არც მერია და არც მომჩივანი. შესაბამისად, დავა შემდეგი ინსტანციის სასამართლოში გაგრძელდა.

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ამჟამად, დავა საკასაციო სასამართლოში მიმდინარეობს.

ნინო გელაშვილის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.