ახალი ამბები

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნა ოპოზიციიდან, ჩემთვის მიუღებელია – რაზმაძე

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე პარლამენტის წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილის მიერ გაჟღერებულ მოსაზრებას ეხმაურება და თვლის, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები “ქართული ოცნების” წევრები უნდა იყვნენ.

გიორგი ხოჯევანიშვილმა საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნა, რომ თუ კი პარლამენტის მოდელს იზიარებს თვითმმართველობაც, მაშინ საკრებულოს თავმდჯდომარის 3 მოადგილიდან ერთი, ამ შემთხვევაშიც ოპოზიციური პარტიიდან უნდა იყოს, რასაც არ ეთანხმება გორის მუნიციპალიტეტის მოქმედი თავმდჯდომარე.

“ამ საკითხს მარტო გორი ვერ გადაწყვეტს, ეს გუნდმა უნდა გადაწყვიტოს. პირადად ჩემთვის მიზანშეწონილი არ არის, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავდეს მოადგილე ოპოზიციიდან. მაგალითად, “ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის საბოტაჟს ეწევა. ამ პარტიის წევრი რომ მოადგილე იყოს, მე არ მაქვს გარანტია, რომ იმ სამუშაო პროცესში და სტრატეგიაში, რომელიც გვექნება ერთიანობაში გაწერილი, პასუხისმგებლობით ჩაერთოს “ნაციონალური მოძღაობის” წარმომადგენელი და საბოტაჟი არ მოაწყოს, რაც შეეხება “გახარიას გუნდის წარმომადგენლებს საკრებულოში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, რომლებიც აიღებენ ამ პოლიტიკურ ნაბიჯზე პასუხისმგებლობას”, – აცხადებს დავით რაზმაძე.

ინფორმაციისთვის, თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, საკრებულოს თავმჯდომარეს 3 მოადგილე ეყოლება, ამ და სხვა საკითხებზე, საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ რადიო “მოზაიკას” გადაცემაში “თვითმმართველობის დრო” ისაუბრა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

გორის სათემო რადიო "მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.