ახალი ამბები

როგორ მოხვდა ინტერპოლით ძებნილი რუსი გორში



გორის რაიონულმა სასამართლომ დაასრულა საქმის განხილვა, რომელიც ეხებოდა ინტერპოლით ძებნილი იაროსლავ სუმბაევის ჩვენების საფუძველზე დაკავებულ 4 პირს.

იაროსლავ სუმბაევი კიბერდანაშაულისთვის იძებნებოდა რუსეთში. იგი 2018 წლის 5 ნოემბერს სპეცოპერაციის დროს საქართველოში დააკავეს. მან გამოძიებას განუცხადა, რომ იყო შანტაჟის და გამოძალვის მსხვერპლი. მისი ჩვენების საფუძველზე 4 პირი დააკავეს, რომელთა სასამართლო პროცესებიც 3 წლის განმავლობაში გაგრძელდა. საქმე მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა განიხილა.

სუმბაევმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ მას დევნიდნენ რუსეთის უშიშროების თანამშრომლები, სთხოვდნენ თანამშრომლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მასზე სისხლის სამართლის ბევრი საქმე ჰქონდათ მომზადებული, რის გამოც 2014 წელს დატოვა რუსეთი და ცხოვრობდა სხვადასხვა ქვეყანაში.

მისი თქმით, 2014 წლის იანვარში “მესენჯერის” საშუალებით გაიცნო ვასილ მარგიევი, წარმოშობით ქარელიდან, რუსეთის მოქალაქე.

“მარგიევი სუმბაევს დაეხმარა, რომ დაემზადებინა ლიეტუვას მოქალაქის ყალბი პასპორტი. სტამბულის ერთ-ერთ კაფეში ვასილ მარგიევმა იაროსლავ სუმბაევს უთხრა, რომ 2 000 დოლარი უნდა გადაერიცხა პიროვნებისთვის, რომელიც დაეხმარებოდა საქართველოში უპრობლემოდ შესვლაში” , – აღნიშნულია სუმბაევის დაკითხვის ოქმში.

რუსეთის მოქალაქე და ინტერპოლით ძებნილი სუმბაევი საქართველოში 2017 წლის ივნისში, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან ყალბი პასპორტის საშუალებით შემოვიდა. საერთაშორისო ძებნილი 16 თვის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდებოდა. იგი იმყოფებოდა გორშიც, სადაც მისი თქმით, ვასილ მარგიევთან ერთად შეხვდა “გორის მთავარ პროკურორს”.

“მარგიევმა ეს პირი სუმბაევს გააცნო, როგორც “გორის პროკურორი” და უთხრა, რომ საჭირო იყო 2 000 დოლარი იმისთვის, რომ ბაზაში წაშლილიყო მისი საზღვრის კვეთის ფაქტი” , – აღნიშნული ფაქტები მოცემულია სუმბაევის დაკითხვის ოქმში.

სუმბაევის თქმით, მას ჯერ 40 000 დოლარი გამოართვეს იმის სანაცვლოდ, რომ “გორის პროკურორი” აწარმოებდა მოსამართლესთან მოლაპარაკებას, რომ გამართულიყო სასამართლო სხდომა, სადაც სუმბაევს მიანიჭებდნენ პოლიტიკურ თავშესაფარს. შემდეგ კი, ვასილ მარგიევის ორგანიზებით, ქარელთან გაითამაშეს სუმბაევის გატაცება და ამ ფორმით, მას კიდევ 60 000 დოლარი გამოსძალეს.

სუმბაევის ჩვენების საფუძველზე ვასილ მარგიევთან ერთად, დაკავებულები იყვნენ ე.შ, თ.კ და მ.ნ.

მოსამართლემ განაჩენი მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს გამოიტანა. გერმანე დადეშქელიანმა სარწმუნოდ არ მიიღო იაროსლავ სუმბაევის ჩვენება და საბოლოოდ, ვასილ მარგიევი და მასთან ერთად დაკავებული კიდევ 2 პირი უდანაშაულოდ ცნო. 

3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მ.ნ-ს რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას მოყვანას ან კულტივირებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სუმბაევთან დაკავშირებული ყველა პირი მისი ჩვენების მიუხედავად, გამართლდა. რაც შეეხება, მ.ნ-ს – მის სახლში გამოძიების პროცესში აღმოაჩინეს “კანაფი” და სწორედ ამიტომ მიუსაჯა მოსამართლემ 3-წლიანი პატიმრობა. 

რაც შეეხება, თავად სუმბაევს, იგი რუსეთს ქართულმა მხარემ 2019 წლის ოქტომბერში გადასცა. რუსული მხარის ინფორმაციით, 2013-2014 წლებში ჰაკერები, მათ შორის სუმბაევი, ტუროპერატორებისგან მოპარული მონაცემებით რკინიგზის ფიქტიურ ბილეთებს აფორმებდნენ. გარდა ამისა, ჰაკერი ბრალდებული იყო გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობის შეკვეთის მონაწილეობაში. შიშკინა 2018 წლის 10 ოქტომბერს საკუთარ სახლთან მოკლეს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები