ახალი ამბები

რა გაახარებთ თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებს – საახალწლო სურვილები

ახალ წლამდე სამი კვირით ადრე, თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებს ჰკითხეს – როგორია მათი საახალწლო სურვილები? აღმოჩნდა, რომ ახლობლებისგან და ოჯახის წევრებისგან მოშორებით მცხოვრებ ხანდაზმულებს ყველაზე მეტად ადამიანების ზრუნვა და ყურადღება სჭირდებათ.

რადიო “მოზაიკას” წერილები, სადაც მოხუცთა სურვილები წერია, ხურვალეთში მდებარე თავშესაფარმა გამოუგზავნა.


"მე გახლავართ ელისო, თოვლის პაპამ მინდა მომიტანოს სიხარული და ჩუსტები, თოვლის პაპა გელოდებით დიდი სიყვარულით"
"მე ვარ გულიკო, საახალწლოდ მინდა რბილი კანფეტები"
"თოვლის პაპამ მინდა პატარა სუნამო მომიტანოს"
"მე ვარ ლიანა მაისურაძე, ახალ წელს მინდა გოზინაყი და ჩურჩხელა";
"მე ვარ აგრაფინა, მინდა პატარა სუნამო".

ხურვალეთში მოქმედ ხანდაზმულთა სახლში 14 ქალი და ორი მამაკაცი ცხოვრობს. ოდესღაც ისინი მასწავლებლებლებად, ეკონომისტებად, ბუღალტრებად მუშაობდნენ. არიან ისეთებიც, რომლებმაც ახალგაზრდობაში ხელოვნებასა და სამეცნიერო საქმიანობაში წარმატებებსაც მიაღწიეს. თუმცა დღეს ისინი ორ-სართულიან სახლში გახსნილ თავსესაფარში ცხოვრობენ.

“სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან ჩვენთან, მაგრამ ცხოვრების სირთულეების გამო თავშესაფარში მოხვდნენ. ისტორიები მძიმე და სევდიანია, ზოგს ფინანსური პრობლემა შეექმნა, ზოგს ოჯახი დაენგრა. სხვადასხვა ქვეყნებიდან ხორციელდება ზარი ჩემს მოხუცებთან. კითხულობენ ყოფილი მოსწავლეები, ახლობლები. მე ყველა მათგანს ვიცნობ. როდესაც მოენატრებათ ერთმანეთის დანახვა, ან ხმის გაგონება, სოციალური ქსელის საშუალებით ეკონტაქტებიან ერთმანეთს”, – ამბობს ლუდა სალია.

თავშესაფრის ხელმძღვანელს, ლუდა სალიას იმედი აქვს, რომ ამ ადამიანებისთვის მცირე ნატვრის ახდენას თავშესაფრის გულშემატკივრები შეძლებენ. წლიდან წლამდე ეს დღე მათთვისაც რომ ჯადოსნური იყოს, ამისთვის თავშესაფარს მხარდაჭერა სჭირდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.