ანალიტიკა / გამოძიება

რა გამოწვევები და სამომავლო მიზნები აქვს ხელოვნების სახლს – ინტერვიუ ოთო გვრიტიშვილთან



თითქმის ერთი წელია, რაც გორში ხელოვნების სახლი ფუნქციონირებს. ამ დროის განმავლობაში, შენობამ არაერთ გამოფენას და საჯარო ლექციას უმასპინძლა. ამ ყველაფრის უკან კი, გორის ფოტოგრაფთა კლუბის წევრები დგანან.

როგორი იყო განვლილი წელი, რა გამოწვევების წინაშე დგანან ამჟამად ახალგაზრდები და როგორია მათი სამომავლო გეგმები – ამ საკითხებზე რადიო “მოზაიკა” ფოტოგრაფთა კლუბის და არაერთი საინტერესო ინიციატივის ავტორს, ოთო გვრიტიშვილს ესაუბრა.

ზოგადად, როგორ შეაფასებდით განვლილ წელს და თქვენს მიზანს?

მიმდინარე წლის 3 ივლისს გაიხსნა ხელოვნების სახლი. მას შემდეგ, გავაკეთეთ რამდენიმე პროექტი, მათ შორისაა ნიკო კალანდაძის ფოტოების ფირიდან გაცოცხლება და ასევე გორის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ფოტოფიქსაცია. ჩვენი პროქტები საკმაოდ წარმატებული იყო. გახსნის დღიდან, ჩვენს აქტივობებს ჰყავს მრავალფეროვანი მაყურებელი, ყველა ასაკის და ეს ძალიან გვახარებს. ჩვენ ვართ ყოველთვის ღია და მზად, რომ სხვების იდეებიც მოვისმინოთ. მაგალითად, შეიძლება, ახალგაზრდას ან ახალგაზრდების ჯგუფს ჰქონდეს რაიმე იდეა, მათ შეუძლიათ მოვიდნენ ჩვენთან, დავსხდეთ, ვისაუბროთ, მივეხმაროთ და ერთად ვცადოთ ამ იდეის განხორციელება.

ამჟამად, რა არის თქვენი მთავარი გამოწვევა?

ორგანიზაციის მთავარი გამოწვევა ფინანსების ნაკლებობაა. ამიტომ ვცდილობთ მაქსიმალურად ბევრი პროექტი და აქტივობა განვახორციელოთ, რომ თანხა გვქონდეს საქმის საკეთებლად.

რა პრობლემებს ქმნის ფინანსების ნაკლებობა და როგორ ცდილობთ, მის მოგვარებას?

ჩვენთვის პრობლემაა, რომ ხელოვნების სახლში არ არის გათბობა. ახლა სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას ვცდილობთ. გათბობის მონტაჟი გვინდა, რისთვისაც 1 500 ლარია საჭირო. ამისთვის ვაგროვებთ თანხას და ჩვენ მიერ გაკეთებულ კატალოგს ვყიდით, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობის ფოტოფიქსაციაა. სულ 100 ეგზემპლარი გამოვეცით და ერთის ფასი 40 ლარია. არავისთვის არ მიგვიმართავს დახმარებისთვის, ჩვენი პრინციპია, რომ რაღაცები ჩვენით ვაკეთოთ და ზედმეტი შეწუხებები საჭირო არ არის.

სამომავლოდ როგორ ხედავთ თქვენს როლს ქალაქის ცხოვრებაში?

ვცდილობთ გავიდეთ ისეთ ჯგუფზე, რომლებიც ყოველდღიური ყოფით, საჭიროებებზე ზრუნვით არიან დაკავებულები და ნაკლებად რჩებათ დრო იარონ გამოფენებზე და მიიღონ სულიერი საზრდო. ჩვენთვის ასეთი ადამიანების გააქტიურება და ჩართვა კულტურულ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.

კონკრეტული გეგმები თუ გაქვთ?

სამომავლოდ ვგეგმავთ ფესტივალის გაკეთებას. კონცეფციაზე უკვე ვმუშაობთ და ახალი წლიდან საზოგადოებასაც გავაცნობთ პროექტს. ასევე ახალგაზრდებისთვის იგეგმება ინტელექტუალური თამაშების გაკეთება და გაზაფხულიდან მსურველებს ფოტოგრაფიის კურსსაც შევთავაზებთ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.