ახალი ამბები

გორში “მუნიციპალური ახალგაზრდული ფორუმი” დაიწყო



გორში პირველი „მუნიციპალური ახალგაზრდული ფორუმი“ ტარდება. ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები გორის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მათთვის საინტერესო თემებზე იმსჯელებენ და პრობლემატური საკითხების გადაჭრის გზებს დასახავენ.

პროექტში, რომელიც გორის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,”ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების” თანადაფინანსებით ხორციელდება, კონკურსის წესით შერჩეული 75 ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას.

“ფორუმის ფარგლებში ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას ევროკავშირის გაცვლით პროგრამებზე, ეროვნულ დონეზე განსახორციელებელ ახალგაზრდულ პროგრამებსა და სხვადასხვა შესაძლებლობებზე. ასევე, მათ შესაძლებლობა მიეცემათ, გაეცნონ გორის მუნიციპალიტეტში მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციების მუშაობის პრინციპსა და მათ მიერ სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებს, არასამთავრობო სექტორისა და საჯარო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად გამართონ პანელური დისკუსიები, იმუშაონ სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე”- განმარტავენ მერიაში

მუნიციპალურ ახალგაზრდულ ფორუმს ორი დღის განმავლობაში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მასპინძლობს.

დატოვეთ კომენტარი