ანალიტიკა / გამოძიება

ბუნებრივი კატასტროფები – რა მოსდევს ხე-ტყის ჩეხვას?



2021 წლის მაისში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ღვარცოფი მოვარდა. ბოლო წლების განმავლობაში, მსგავსი სტიქიური მოვლენა ადგილობრივებს არ ახსოვთ. ისინი მომხდარს, სოფლის სიახლოვეს მდებარე ტყეში ხეების უკონტროლო ჩეხვით ხსნიან. რა მოხდა სოფელში? რა კავშირი აქვს ხე-ტყის ჩეხვას სტიქიურ უბედურებებთან და რამდენად უსაფრთხო ხდება გარემო ადამიანებისთვის? 

8 მაისს ამინდი მკვეთრად გაუარესდა და ატენში წვიმა მთელი ღამით გაგრძელდა. გამთენიისას, სოფელი დაისეტყვა. წვიმის შეწყვეტის შემდეგ კი, ერთ-ერთ დასახლებაში ღვარცოფი მოვარდა.

“უხვი ნალექის დროს, ნიაღვარი აქ არავის უკვირს, თუმცა ღვარცოფს არავინ ელოდა”, – გვეუბნება დასახლების მკვიდრი, მარინა შატაკიშვილი.

დასახლებაში, სადაც ღვარცოფმა ჩამოიარა, 17 ოჯახი ცხოვრობს. სახლებს შორის გამავალ გზაზე, ტალახიან წყალს ქვა-ღორღი თითქმის ერთი საათის განმავლობაში მოჰქონდა.

“იმხელა წყალი მოდიოდა და მოჰქონდა ხეები, ტოტები, ქვის ლოდები და კლდის ნაშალი. რომელიმე მეზობელი ან ბავშვი რომ გარეთ ყოფილიყო, ჩაიტანდა კიდეც. გაგვიმართლა, რომ ასეთი არაფერი მოხდა”, – გვეუბნება მარინა.

სტიქიამ ქვა-ღორღი ცენტრალურ გზამდე ჩაიტანა, რის გამოც სოფელში დროებით ავტომობილების მიმოსვლაც შეფერხდა.

ღვარცოფმა ჩამოიარა მთელი უბანი და მთელი ეს ნაშალი მიწა და წყალი ჩამოიტანა საავტომობილო გზაზე. მე ვცხოვრობ გზის პირზე და ეს ნიაღვარი შემოვიდა ეზოებში და ბაღებში. ეს ნაშალი კლდე ზოგი გავიტანე ბაღიდან, ზოგიც – ჩავბარე, რადგან რთულია ამის გაწმენდა”, –  იხსენებს ნოდარ ლოთიშვილი.

ნოდარის მსგავსად, ადგილობრივებმა ეზოები და ბაღები საკუთარი ძალებით გაწმინდეს. სავალი გზის გასაწმენდად კი ადგილზე მძიმე ტაქნიკა რამდენიმე დღე მუშაობდა.

“პატარა მანქანის სიმაღლეზე იყო ქვა-ღორღი და ტალახი ჩამოტანილი. ხიდი, რომელსაც ჭეჭელაანთუბანში შეჰყავხართ, მთლიანად ნაშალით იყო დაფარული. ტრაქტორები და დიდი მანქანები გახდა საჭირო, რომ გაეწმინდათ. ამ ხიდზე მანქანები იდგა, რომელიც წყლის ნაკადმა ქვემოთ ჩამოიტანა, ვინმე რომ ყოფილიყო შიგნით, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა”, – გვიყვება დათო შატაკიშვილი.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ღვარცოფის მიზეზი მათი დასახლების ზემოთ მდებარე ტყეში ხეების უკონტროლო ჩეხვაა.

რა კავშირი აქვს ტყის ჩეხვას ბუნებრივ კატასტროფებთან?

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ატენი მთიან ზონაში მდებარეობს. დასახლება ტყის სიახლოვეს, მდინარე ტანას ნაპირზეა გაშენებული. როგორც ექსპერტები ამბობენ, მსგავსი სოფლები, ტყეების უკონტროლო ჩეხვის შემთხვევაში, ეტაპობრივად საცხოვრებლად საშიშ ადგილად იქცევა.

“ბუნებრივი კატასტროფები და მათი დინამიკა პირდაპირ კავშირშია ტყეების მართვასთან, მდინარეთა აუზების მდგრადობას სწორედ ტყის საფარი უზრუნველყოფს და რაიმე არასწორი  ჩარევა ყოველთვის იძლევა არასწორ შედეგებს”, – გვეუბნება რეზო გეთიაშვილი, CENN-ის პროექტის მენეჯერი.

დარგის სპეციალისტის განმარტებით, სოფელ ატენში მომხდარი შემთხვევა ნათელი მაგალითია იმის, თუ როგორ კარგავენ საქართველოში ტყეები ნიადაგდაცვით და წყალმარეგულირებელ ფუნქციებს.

“ჩვენთან უკვე ათწლეულებია, რაც ტყის ზეჭარბი გამოყენება ხდება სათბობი რესურსისთვის. შედეგად, ტყეებს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი და დაიწყო ტყის დეგრადაცია. მან დაკარგა თავისი ეკოლოგიური ფუნქცია, რაც გულისხმობს ნიადაგდაცვით და წყალმარეგულირებელი ფუნქციებს. ტყეებში გაჩნდა უამრავი სტიქიის კერა და უკვე ამ შედეგებს ვხედავთ  არა ზემოთ ტყეში, სადაც იშვიათი ადამიანები არიან, არამედ დაბლა დასახლებულ პუნქტებში და ხშირ შემთხვევაში ის რაც ხდება დასახლებულ პუნქტში გამოწვეულია იმით რა სურათიც გვაქვს, მიმდინარე ზემო წელზე, სადაც ტყეებია გაკაფული”, – განმარტავს გეთიაშვილი.

რაშია გამოსავალი?

ქვეყანაში, პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია ხე-ტყის უკანონო ჭრის ბრალდებით, მოქალაქეთა დაკავების შესახებ. ადამიანების ერთი ნაწილი უკანონო გზით, ხეს გაყიდვის მიზნით ჩეხავს, ნაწილი კი – საშეშე მასალად მოიპოვებს. სახელმწიფომ, ასეთი ფაქტების შემცირების მიზნით, ჯერ კიდევ 3 წლის წინ, სანქციები გაამკაცრა. მაშინ პრემიერ-მინისტრმა თქვა:

“გამკაცრებული სანქციების ამოქმედება უფრო ეფექტიანს გახდის გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ ღონისძიებებს”.

რა სანქციები მოქმედებს ხე-ტყის უკანონო ჭრაზე?

.

სანქციების გამკაცრების მიუხედავად, ხე-ტყის უკანტროლო ჩეხვა არ შეწყვეტილა. სტატისტიკა და თვითმხილველთა ისტორიებიც ადასტურებენ, რომ ქვეყანაში ტყეების ჩეხვა გრძლდება.


ხე-ტყის უკანონო ჭრის შემთხვევები (საქართველო) 1 546
თბილისი
აჭარა 149
გურია 31
იმერეთი 270
კახეთი 643
მცხეთა-მთიანეთი 32
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 9
სამეგრელო-ზემო სვანეთი 88
სამცხე-ჯავახეთი 177
ქვემო ქართლი 95
შიდა ქართლი 52
წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, 2020 წელი

ვითარებაზე საუბრისას, სპეციალისტები ამბობენ, რომ უკანონო ჭრით მიყენებულ ზიანს ემატება ის ზიანიც, რომელიც ბუნებას ტყის კანონიერი, თუმცა რისკების შეფასების გარეშე ჩეხვით ადგება.

“როდესაც მოთხოვნილება ხის მასალაზე აღემატება იმას, რისი გაცემაც კანონიერი გზით შეუძლია სახელმწიფოს, აუცილებლად იწყება უკანონო ქმედებები. ამიტომაც სახელმწიფომ თავად უნდა გამოყოს ადგილები ხეების ჭრისთვის და მკაცრი მონიტორინგით აკონტროლოს ეს პროცესი. იქამდე კი საჭიროა, შეწყდეს არამდგრადი ტყით სარგებლობა და რისკების შეფასების გარეშე, კანონიერი თუ უკანონო ჭრები, რაც ბუნებრივ კატასტროფების საფრთხეს ზრდის“,ამბობს “მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი.

სტიქიური კატასტროფების შედეგებთან ბრძოლა, ქვეყანას საკმაოდ ძვირი უჯდება. ზოგიერთ შემთხვევაში, მოქალაქეებს კერძო საკუთრება უზიანდებათ და მათთვის კომპენსაციის მიცემაც ხდება საჭირო. ამ ყველაფერზე კი პასუხისმგებლობა დიდწილად ადგილობრივ ხელისუფლებებს ეკისრებათ, თუმცა ისინი ვერ უზრუნველყოფენ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, რაზეც ექპერტების თქმთ, ეროვნული სატყეო სააგენტო უნდა მუშაობდეს.

“ეროვნული სატყეო სააგენტოს არანაირი მანდატი, კვალიფიკაცია და ფინანსები არ აქვს იმისთვის, რომ  აკონტროლოს მდგომარეობა, შეაფასოს რისკები და მიიღოს შესაბამისი ზომები. ტყეში რაც  ხდება, ყველაფერს თავი აქვს მინებებული და რესურსებს ვხარჯავთ შედეგებთან ბრძოლაში”,

ექსპერტები ფიქრობენ, რომ ტყის აღდგენის უნარის და გაჩენილი საფრთხეების გათვალისწინებით, მიდგომები სასწრაფოდ შესაცვლელია.

“ღვარცოფები მიწის ნაყოფიერ ფენას რეცხავს და შეიძლება ქანებამდეც გააშიშვლოს ფერდობი, ამიტომ აღდგენა გაძნელდება. ზოგადად, გაჩეხილი ტყის აღდგენა არაა მარტივი და სწრაფი პროცესი”, – განმარტავს მაჭარაშვილი.

ავტორები: გვანცა დოლუაშვილი, ანა ჯიოშვილი
დატოვეთ კომენტარი