ანალიტიკა / გამოძიება

ბინები და მიწის ფართები – რა ქონება ასახა ხინჩეგაშვილმა დეკლარაციაში

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა პირველი ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დოკუმენტის მიხედვით, ხინჩეგაშვილის უძრავ ქონებას შორის არის 4 ბინა, აქედან ორი ბინა გორში, ერთი თბილისში, ხოლო კიდევ ერთი ბაკურიანში.

ხინჩეგაშვილის უძრავი ქონება
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ველებში 1 639 კვადრატული მეტრი.
  • 2.. ბინა გორში, თამარ მეფის ქ. N120;
  • მიწის ნაკვეთი თამარ მეფის ქუჩაზე – 300კვ.მ;
  • გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადარბაზევში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი – 8 975კვ.მ;
  • კომერციული ფართი თამარ მეფის ქუჩაზე, 6 129კვ.მ , ნაკვეთზე განთავსებულია 3 დიდი შენობა; შეისყიდა სახელმწიფოსგან ელექტრონული აუქციონის საშუალებით;
  • არასაცხოვრებელი ფართი გორში, სამეფო ქუჩა N66-ში;
  • რეხაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 5 002 კვ.მ;
  • ბინა თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე, 105 კვ.მ;
  • მიწის ნაკვეთი თბილისთან, სოფელ წავკისში – 1000 კვ.მ
  • ბინა ბაკურიანში, 41.64 კვ.მ
  • ბინა გორში, სტალინის ქუჩაზე, 67.10 კვ.მ.

გარდა ამისა, ხინჩეგაშვილის საკუთრებაშია 2 ავტომობილი: ტოიოტა ქემრი, რომელიც მან 2020 წელს 14 500 დოლარად იყიდა, ასევე Mazda CX5. აღნიშნული მანქანა ხინჩეგაშვილმა 2017 წელს 16 000 დოლარად იყიდა.

ხინჩეგაშვილის სახელზე 24 სხვადასხვა საბანკო ბარათი ფიქსირდება. მათ შორის არის ანაბრებიც, შემნახველ ბარათზე მას დეკლარაციის მიხედვით, 3 014 ლარი აქვს.

გორის მერის წილებს ფლობს 5 სხვადასხვა კომპანიაში, ესენია: 34%-იანი წილი სამშენებლო კომპანიაში “ლეგასი”, 50%-იანი წილი შპს “რეფრეში”, 34%-იანი წილი შპს “ჩემპიონი”, 33%-იანი წილი – შპს “გგ ჰოუმ საქართველო” და 50%-იანი წილი – შპს “ფლოლეს ქონსთრაქშენში”, სადაც მისი ბიზნეს-პარტნიორი არის თევდორე მაყაშვილი, რომელიც ხინჩეგაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ხინჩეგაშვილმა 2020 წელს შემოსავლის სახით 15 629 ლარი მიიღო. აქედან, 14 891 ლარი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გადასცა, როგორც ოლიმპიელს. გარდა ამისა, ხინჩეგაშვილს 738 ლარი გადაუხადა “ჯორჯიან ფიტნეს გრუპმა” მომსახურების გაწევის სანაცვლოდ. მან ასევე სტიპენდიის სახით 68 400 ლარი მიიღო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრებისგან.

ინფორმაციისთვის, თანამდებობის პირს კანონი ავალდებულებს ყოველწლიურად შეავსოს ქონებრივი დეკლარაცია, რომელიც შემდეგ საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განთავსდება და ყველასთვის საჯარო ხდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.