ანალიტიკა / გამოძიება

ყოფილი ცირკის და კინოთეატრის მფლობელი გორის საკრებულოს თავმჯდომარის სიძეა – ჟურნალისტური გამოძიება

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის სიძე ვახტანგ კარიჭაშვილი გორში სხვადასხვა უძრავ ქონებას ფლობს. მის საკუთრებაშია ყოფილი ცირკის შენობა “ახალბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელზეც ამჟამად, სასტუმრო შენდება, რომლის სახელწოდებაც “გორი ინი” იქნება. ასევე კარიჭაშვილი ფლობს, სამეფო ქუჩაზე არსებულ ყოფილი კინოთეატრის შენობას, სადაც არსებული ინფორმაციით, მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრი შენდება.

როგორც ცნობილია, ვახტანგ კარიჭაშვილი რაზმაძის დის ქმარია. მის მფლობელობაში არსებულ კომაპიებს კი, პირდაპირი თუ ირიბი კავშირები აქვთ მმართველ პარტიასთან. გარდა აღნიშნული ობიექტებისა, კარიჭაშვილი გორში სხვა უძრავ ქონებასაც ფლობს, მათ შორის არის მიწები სოფელ ხიდისთავში და ბინა გორში. კარიჭაშვილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ის ერთდროულად საქართველოს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

ყოფილი ცირკის შენობა

2019 წელს, გორში ე.წ. „ახალბაღის“ ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში იყო, ყოფილი ცირკის შენობა და მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 2004 წელს თანხის გადაუხდელობის მოტივით ჩამოერთვა ადგილობრივ ბიზნესმენ, ბორის გოგიჩაიშვილს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული ტერიტორია  ბიზნესმენ ბორის გოგიჩაიშვილს დაუბრუნდა, ხოლო აღსრულებისთვის საკრებულოს თანხმობით, გორის მერიამ აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადასცა. ამის შემდგომ ბორის გოგიჩაიშვილი აცხადებდა, რომ ყოფილი ცირკის ადგილზე სასტუმროს აშენებას აპირებდა, თუმცა იმავე წელს, ბორის გოგიჩაიშვილმა ტერიტორია ჩუქების წესით გადაუფორმა მარინე ჭიღლაძეს, ხოლო ცოტა ხანში აღნიშნული ტერიტორიის მესაკუთრე გახდა- ვახტანგ კარიჭაშვილი. მოგვიანებით ტერიტორია გადავიდა შპს „ვაკა ისტეიტის“ საკუთრებაში, რომლის 100% მესაკუთრე ვახტანგ კარიჭაშვილია.

ძველი კინოთეატრის შენობა სამეფო ქუჩაზე

2020 წელს ხმაური იყო გორში ისტორიულ სამეფოს ქუჩაზე, ძველი კინოთეატრის  გასხვისების საქმესთან დაკავშირებით. როგორც მაშინ ოპოზიცია აცხადებდა, აღნიშნული ისტორიული ნაგებობა, შეიძინა  მაშინდელი გუბერნატორის და მოგვიანებით მაჟორიტარი დეპუტატ გიორგი ხოჯევანიშვილთან  დაკავშირებულმა პირმა, რის შემდეგაც დაიწყო სამუშაოები, რომლის მიხედვითაც ადგილზე უნდა აშენებულიყო მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი.

ტერიტორიის მფლობელი საჯარო რეესტრის მონაცემებით იყო გიორგი ჩაჩანიძე. მოგვიანებით, აღნიშნული ობიექტი გადავიდა შპს „გორის სავაჭრო ცენტრი“-ს ბალანსზე, რომლის 100% წილის მფლობელიც აგრეთვე გიორგი ჩაჩანიძეა, თუმცა 2020 წლის ოქტომბრიდან, ობიექტი გადავიდა შპს „ვაკათრეიდის“ ბალანსზე, რომელიც 2020 წელს შეიქმნა და მისი 100%-იანი წილი  მფლობელი ვახტანგ კარიჭაშვილია, ხოლო დირექტორი – მისი ახლობელი და ბიზნეს პარტნიორი გიორგი მჭედლიშვილი.  აღსანიშავია, რომ გიორგი მჭედლიშვილი კიდევ ერთი კომპანია შპს „ვაკას“  დირექტორიცაა, რომლის მფლობელიც ვახტანგ კარიჭაშვილია.

ვახტანგ კარიჭაშვილის კავშირები მმართველ პარტიასთან

“ვინ შეჭამა ვენახი” , – ამ სათაურით მოამზადა ჟურნალისტური გამოძიება სტუდია “მონიტორმა”, რომელიც მოგვიანებით რადიო “თავისუფლებას” ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდა. აღნიშნულ გამოძიებაში ფიგურირებს ვახტანგ კარიჭაშვილიც.

როგორც გამოძიებიდან ირკვევა, კარიჭაშვილი ფლობს კომპანიას “გრუზვინპრომი”, რომელიც ჩართულია რთველის სუბსიდირების პროგრამაში.

“ღვინოზე და ყურძენზე მოთხოვნა ყოველწლიურად იმატებს, რასაც წარმოებისა და ექსპორტის ზრდაც მოწმობს. “თავისუფლების მონიტორი” დაინტერესდა ამის პარალელურად რატომ არ იზრდება ფასი ყურძენზე. შევისწავლეთ რა გზას გადის ყურძენი ფერმერის ვენახიდან საბოლოო პროდუქტამდე და აღმოვაჩინეთ, რომ მთავრობამ შექმნა სქემა, რომელიც ფერმერს ყოველწლიურად აღარიბებს, ხელისუფლებასთან დაახლოებულ კომპანიებს კი ამდიდრებს” , – აღნიშნულია “მონიტორის” გამოძიებაში.

ხელისუფლებასთან დაახლოებული ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ფერმერს ყოველწლიურად აღარიბებს ვახტანგ კარიჭაშვილს ეკუთვნის. კარიჭაშვილი არის ასევე ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორიც.

“გრუზვინპრომი” 2015 წლამდე სახელმწიფო კომპანია იყო, გურჯაანში მდებარე უნიკალური ქარხნით. კომპანიას ბანკი “ქართუს” დავალიანება დაუგროვდა. 2015 წელს სახელმწიფოსგან აუქციონის გზით “ბოლერო და კომპანიამ” 33 მილიონ ლარად შეიძინა. ბოლერო და კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ვახტანგ კარიჭაშვილია. კარიჭაშვილი უჩა მამაცაშვილთან ერთად ფლობს ბრიტანეთში დაფუძნებულ კომპანიას – GWP Wines and spirits limited.

კახეთში მოყვანილ ყურძნის მოსავლის ერთი ნაწილს ღვინის მსხვილი კომპანიები იბარებენ. დანარჩენი ე.წ ჭარბი ყურძენი, გლეხებს გასაყიდი რომ არ დარჩეთ, ხელისუფლება არაპირდაპირი სუბსიდირებით იბარებს სახელმწიფო კომპანია “აკურას” მეშვეობით.

“ფერმერებისგან შესყიდული ყურძნის ნაწილს აკურა თავისივე ქარხანაში ამუშავებს, თუმცა სრული მოსავლის გადასამუშავებლად სიმძლავრე არ ჰყოფნის, რის გამოც კერძო ღვინის ქარხნებს ქირაობს. ამ სქემით გადამუშავებაში რამდენიმე ათეული კომპანია, მათ შორის პატარა საწარმოებიც ერთვებიან და ეს მათთვის დამატებითი შემოსავალია. თუმცა 2020 წელს სახელმწიფო საწარმომ ყველაზე ბევრი და ძვირადღირებული ხელშეკრულება უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორის, ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებს გაუფორმა. მხოლოდ 2020 და 2021 წლებში,,აკურამ” ,, გრუზვინპრომს’’ მილიონ ლარზე მეტის ( 1 007 500 ლარის) ხელშეკრულება გაუფორმა” , – ნათქვამია “მონიტორის” ჟურნალისტურ გამოძიებაში.

სახელმწიფომ ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანიებისგან შეისყიდა არა მხოლოდ ყურძნის გადამუშავების, არამედ მისი შენახვის, ტრანსპორტირებისა და სხვა მომსახურებები. ასევე მილიონ-ნახევარ ლარზე მეტის (1 550 000) ხელშეკრულება გაუფორმა “აკურამ” ღვინომასალის ტრანსპორტირებისათვის 2019 წელს დაფუძნებულ “როქ ლოჯისტიკს”, რომლის 100%-ის მფლობელია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი ლერი რაზმაძე. ის ვახტანგ კარიჭაშვილის კიდევ ერთ ღვინის კომპანია GVMT Group-ს დირექტორია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი არის გორის სათემო რადიო "მოზაიკას" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი 2022 წლიდან. 2019-2021 წლებში კი, მუშაობდა ჟურნალისტად.