Back to Top
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2021 17:43

რას სთავაზობს ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტირებული თავშესაფარი ქალებს?

Rate this item
(0 votes)

ავტორი: მარიამ გოზალიშვილი

 

გორში არსებობს ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი, რომელიც უკვე 10 წელია, ძალადობის მსხვერპლ ქალებს უსაფრთხო სივრცეს და სხვადასხვა სერვისებს სთავაზობს. რა გზა გამოიარა დაწესებულებამ დღემდე და როგორ შეგვიძლია საჭირო სერვისების მიღება? - ამ საკითხებზე თავშესაფრის დირექტორს, ლამარა შაყულაშვილს ვესაუბრეთ.

 

2020 წელი გამოწვევებით სავსე წელი იყო, მაგრამ ჩვენთვის სასიხარულო ამბით დასრულდა - გვეუბნება თავშესაფრის ხელმძღვანელი და რემონტის დასრულების შემდეგ შექმნილ ახალ გარემოს აღწერს.

 

„საერთო ოთახი გაკეთდა ძალიან კარგად. იქაურობა არის ძალინ ლამაზი. ბავშვებისთვის ცალკე კუთხე გვაქვს, სადაც მათთვის სათამაშოებია განთავსებული. მოვაწყვეთ ეზოც - გვაქვს საქანელა და განვითარების ხელშემწყობი ინსტუმენტებიც. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ აქ მოხვედრილ პატარაბეს არამარტო გართობაში, არამედ განვითარებაშიც დავეხმაროთ. შენობა გარემონტდა მთლიანად და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი თავშესაფარი 100%-ით უსაფრთხოა აქ მყოფი ადამიანებისთვის“, - გვეუბნება ლამარა.

 

 

რეაბილიტაციის ფარგლებში, გარემონტდა ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის ოთახებიც. გამოიცვალა სამზარეულოს ავეჯი და განახლდა ტექნიკა.

 

„ჩვენი ფუნქციაა, რომ მსხვერპლი ქალები კრიზისულ სიტუაციაში, როდესაც ისინი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში არიან, მივიღოთ ჩვენთან და მათ საცხოვრებელ ფართთან ერთად, სხვადასხვა საჭირო მომსახურებაც გავუწიოთ“.

 


თავშესაფარში მოხვედრა 3 გზით არის შესაძლებელი:

 

1. როცა ძალადობის მსხვერპლი ქალი გამოიძახებს პატრულს. დარეკავს 112- ზე ან 116 006-ზე, მოხდება შემაკავებელი ორდერის გამოწერა და შემდეგ მათი გადმოყვანა თავშესაფარში, ამ შემაკავებელი ორდერის საფუძველზე.
2. როდესაც ქალს აქვს დამცავი ორდერი.
3. როდესაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მოძალადის მიმართ და მსხვერპლი ცნობილია დაზარალებულად.

 

„არის კიდევ ერთი გზა. თბილისში მუშაობს სტატუსის დამდგენი კომისია, რომელსაც აქვს უფლება, რომ მსხვერპლს მიანიჭოს სტატუსი. ამას აკეთებს კომპეტენტური ადამიანებისგან შემდგარი კომისია. თუ ისინი სხვადასხვა საჭირო დოკუმენტების საფუძველზე, ქალს მიანიჭებენ ძალადობის მსხვერპლის სტატუსს, ჩვენ უკვე გვეძლევა მისი თავშესაფარში მიღების უფლება“, - განმარტავს ლამარა შაყულაშვილი.

 

 

რაც შეეხება შემდეგ პროცედურებს, როგორც შაყულაშვილი ამბობს, თავშესაფრის თანამშრომლები იწყებენ მსხვერპლთან მუშაობას, რათა მან სტრესის დაძლიოს და ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელება შეძლოს.

 

„ჩვენთან განთავსება მოიცავს ფსიქოლოგიურ და იურიდიულ დახმარებას, მსხერპლის თვითშეფასების ამაღლებას, რომ ჩვენგან გასული მსხვერპლი მზად იყოს დამოუკდებელი ცხოვრებისთვის, ეს არის ჩვენი მიზანი და ამოცანა. ჩვენ მსვერპლის მიღებისთანავე ვადგენთ მასზე მორგებულ გეგმას და ამის მიხედვით წყდება, რამდენი ხანი დარჩება ის ჩვენთან“.

 

 

თავშესაფარში ყოფნის მაქსიმალური პერიოდი 9 თვეა. ამ დროის განმავლობაში, თავშესაფარი ქალებს გადამზადების კურსებსაც სთავაზობს.

 

„გვაქვს სხვადასხვა კურსები - სტილისტის, კულინარიის მანიკურის სპეციალისტის და სხვა. ძალიან მნიშნელოვანია პროფესიის ქონა, რათა როცა აქედან წავლენ, მოახერხონ დასაქმება“.

 

დაწესებულება ძალადობის მსხვერპლ ქალებს საკუთარ შვილებთან ერთადაც იღებს.

 

„ჩვენ გვყავს ძიძა. თუ მსხვერპლი არის დასაქმებული , ბავშვებს პატრონობს და მეთვალყურეობს ძიძა და შემდეგშიც არ ვტოვებთ მეთვალყურეობის გარეშე. მსხვერპლს აქვს საშუალება, რომ იმუშაოს, განვითარდეს“.

 

თავშესაფარი ამჟამად გათვლილია 25 ბენეფიციარზე.