Back to Top
ორშაბათი, 01 მარტი 2021 12:44

როგორია ცხოვრება, როცა ქალი ხარ, პანდემიაა და საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობ?

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში 26 სოფელი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ სოფლების გაძლიერება სახელმწიფოს ერთ-ერთ მიზნად აქვს აღიარებული, პანდემიამ აჩვენა, რომ აქ მცხოვრები ადამიანები ამ დრომდე უამრავი პრობლემის წინაშე დგანან. კორონავირუსის გავრცელების მიზნით დაწესებულმა შეზღუდვებმა დამატებითი საზრუნავი, საფიქრალი და გამოწვევები გაუჩინა ქალებს. 

 

 

"ნეტავ ნახოთ, როგორ ეწვალება ხალხი, განსაკუთრებით ქალები. ხელები აქვთ დაჭიმული ამდენი სიმძიმეების ზიდვით", - ამბობს მაგული ოქროპირიძე და ნათქვამის დასტურად, საკუთარ ხელებს გვაჩვენებს.

 

მაგული 53 წლის არის და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ცხოვრობს. მის სოფელში არც სასურსათო მაღაზიაა და არც აფთიაქი. ამის ფონზე, ტრანსპორტის 2-თვიანი აკრძალვა, სოფლისთვის ახალ სადარდებლად იქცა - მოსახლეობა იმ მეზობლების იმედად დარჩა, ვისაც პირადი ავტომობილი ჰყავდა.

 

„მოხუცებს ძირითადად ქალები უვლიან და უცბად რამე რომ დაგჭირდეს, გორში უნდა წახვიდე. წარმოიდგინეთ, იმ ვითარებაში, როცა ტრანსპორტი აღარ დადიოდა, რამხელა პრობლემის წინაშე ვიყავით. ვეძებდით ვინმე მეზობელს, რომელსაც მანქანა ჰყავდა და ქალაქში უწევდა წასვლა. იმდენსაც ვერ ვახერხებდით, რომ ყველა საჭირო პროდუქტი თუ წამალი დაგვემარაგებინა. ძალიან რთული დღეები გამოვიარეთ“, - გვეუბნება მაგული.

 

 

იყო დღეები, როცა სოფელი პურის გარეშე დარჩა და მისი გამოცხობა ქალებმა დაიწყეს.

 

„რამდენიმე დღე სოფელში პური არ ამოიტანეს. მაღაზია რომ არ არის, მანქანას მოაქვს ხოლმე პური და ისე ვყიდულობთ. სამი დღის განმავლობაში, პურის მანქანა არ მოვიდა. იძულებული გავხდი, სახლში გამომეცხო ჩემი ოჯახისთვის და ასევე რამდენიმე მეზობლისთვის. კიდევ კარგი, ცოტა ფქვილი მქონდა გადანახული", - იხსენებს მაგული.

 

სოფელი ერგნეთი გორიდან 20 კილომეტრში მდებარებს. გაცილებით ახლოსაა ოკუპირებულ ცხინვალთან. არიან ოჯახები, რომლებიც საოკუპაციო ხაზს საკუთარ სახლიდან ხედავენ. ერთ-ერთი ასეთი მაყვალა ჩლაჩიძეა.

 

"საშინელებაა. წლებია ისედაც საფრთხეს ვუყურებთ საკუთარი თვალებით. ამ პანდემიამ კი დამატებითი შიშები გაგვიჩინა. კიდევ უფრო რთული ისაა, რომ ყოველდღიური პრობლემები დარდისთვისაც კი აღარ გვიტოვებს დრო.. აქ არც საცხობია, არც აფთიქი, არც სილამაზის სალონია. უკვე ისე მივეჩვიეთ ასე ცხოვრებას, რომ ალბათ ან მაღაზიის ან სალონის გახსნა ფუფუნებად მოგვეჩვენება“.

 

მაყვალა განსაკუთრებით მარტოხელა მოხუცებზე წუხს. ამბობს, რომ პანდემიის დროს ყველაზე რთულ მდგომარეობაში ისინი იყვნენ.

 

„იმას, რომ აქაურ მოხუცებს ხშირად ჯანმრთელობა აწუხებთ და დროულად წამლის ყიდვასაც ვერ ახერხებენ, ახალგაზრდებიც ხომ უყურებენ. ასეთი მომავლის ქონა რომელ მათგანს მოუნდება? ამიტომაც მიდიან ამ სოფლიდან. ზოგიერთ ოჯახში ახალგაზრდები აღარც არიან. ასე რჩებიან სახლებში მხოლოდ მოხუცები, რომლებმაც მთელი პანდემია შიშში და ნერვიულობაში გაატარეს“.  

 

არსებულ პრობლემებთან ვერგამკლავების შიში და მომავლის იმედის დაკარგვა პანდემიამ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების ყოველდღიურობის ნაწილად აქცია.

 

 

"ხან პროდუქტის ან წამლის შესაძენად გვინდოდა წასვლა. ვერსად გავდიოდით, ყველა შეწუხებული იყო ამ სიტუაციით, ფსიქოლოგიურადაც დაძაბულები და დათრგუნულები ვიყავით. ვცდილობთ, რომ რამით ვინუგეშოთ თავები, იმედი არ დავკარგოთ, რომ მალე დამთავრდება ეს პანდემია და ყველაფერი კალაპოტში ჩადგება", - ამბობს ნადია.

 

ნადია 49 წლის არის.  ის სოფელ ერგნეთში 3 შვილთან ერთად ცხოვრობს. უხარია, რომ სკოლები და ბაღები გაიხსნა, რადგან პანდემიის დროს ქალებისთვის ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ ბავშვებზე, საოჯახო საქმეებსა და სოფლის მეურნეობაზე ერთდროულად ზრუნვა იყო.  

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "ადგილობრივი მედია ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტს რადიო "მოზაიკა" "ქალთა ფონდის" მხარდაჭერით ახორციელებს.