Back to Top
ოთხშაბათი, 14 აპრილი 2021 14:56

ქალები სოფლის მეურნეობაში-სირთულეები და განვითარების გზები 

Rate this item
(0 votes)

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად სოფლად მცხოვრებ ქალებს სახლის საქმეებთან ერთად, სოფლის მეურნეობის კუთხით არაერთი დამატებითი საქმის შესრულება უწევთ. მათი უმეტესობისთვის შინამეურნეობა ძირითადი შემოსავლის წყაროა, თუმცა მიღებული შედეგი გაწეული ჯაფის ექვივალენტი არ არის. სოფლის მეურნეობიდან მიღებულ დღიურ შემოსავალს ქალები ოჯახის საჭიროებებზე, ძირითადად კი საარსებო მინიმუმით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ანაწილებენ.

 

 

 

 

 

ლია მიქელაძე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკაში ცხოვრობს. ამბობს რომ სოფლად მცხოვრები ქალების ყოველდღიურობას გაზაფხულის პერიოდში დამატებითი საქმეებიც ემატება, თუმცა მიწაზე მუშაობის პერიოდი ზაფხულში იწყება, მანამდე კი მათ საკუთრებაში არებული მიწის ნაკვეთების დამუშავებას იწყებენ. 

 

 

"არიან ქალები, რომლებსაც მიწის ნაკვეთი იმდენი არ აქვთ, რომ ყველაფერი დათესონ და მოიყვანონ, ზოგჯერ არც ფინანსები აქვთ, იმისთვის რომ სრულყოფილად შეძლონ მიწის დამუშავება. არის შემთხვევები, რომ მეზობელ სოფლებში დადიან სხვის ნაკვეთებში სამუშაოდ, რაშიც გარკვეულ ანაზღაურებას იღებენ. ეს რა თქმა უნდა, ძალიან მიზერული თანხაა, იმ შრომასთან შედარებით, რასაც ისინი გასწევენ", - ამბობს ლია მიქელაძე.  

 

 

 

 

 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის, თამარ მურალოვას თქმით, საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ სოფლად მცხოვრები ოჯახების ეკონომიური მდგომარეობა შედარებით უკეთესია, რადგან ისინი პროდუქტს თავად აწარმოებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. 

 

 

"ძალიან ხშირად მომისმენია, რომ ამბობენ, რა მოხდა, დაამუშავე მიწა და მოიყვანე მოსავალი. ეს, ასე მარტივი არ არის, ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. იოლი არ არის, მიწის დამუშავება, ბოსტნეულის ან ხილის მოყვანა. ეს ყველაფერი ფიზიკური შრომის გარდა, დიდ ფინანსებსაც მოითხოვს. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო ეტაპობრივად ახორციელებს რიგ პროექტებს და კარგი იქნება, თუ ამ ყველაფერს ფეხს ავუწყობთ, რადგან სოფლის მეურნეობა არის დარგი, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას", - ამბობს თამარ მურალოვა

 

 

 

ქალების გაძლიერებას სოფლის მეურნეობაში ფერმერ ქალთა ასოციაცია წლებია სხვადასხვა პროექტებით ცდილობს. ასოციაციის თავმჯდომარე, ირინა ფხოველიშვილი ამბობს, რომ ორგანიზაციის შექმნის დღიდან, ქალების დაინტერესება სოფლის მეურნეობით თანდათან იზრდება. 

 

 

"მასე შემდეგ რაც ფერმერ ქალთა ასოციაცია 2013 წელს, ოფიციალურად ჩამოყალიბდა, სურათი რადიკალურად შეცვლილია. 17-მა ქალმა დავაფუძვნეთ ეს ორგანიზაცია, ძალიან მცირე რაოდენობა ვიყავით ქალები, რომლებმაც გავბედეთ და ვთქვით, რომ სოფლის მეურნეობაშიც შეგვიძლია ჩვენი სიტყვა ვთქვათ. ახლა უკვე 400-ზე მეტი ქალია ამ ორგანიზაციაში ჩართული",- ამბობს ირინა ფხოველიშვილი. 

 

 

მისი თქმით, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში სოფლად მცხოვრებ ქალებს მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მოაწოდეს და სოფლის მეურნეობის კუთხით განვითარების გზებზე ესაუბრნენ.

 

 

"განვახორციელეთ პროექტი "სოფლად მცხოვრებ ქალთა ეკონიმიკური გაძლიერების მხარდაწერა" და ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს 7 რეგიონში ჩავატარეთ დისტანციურად ტრენინგები სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა დარგში და ასევე სოფლად ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის. ინტერესი ძალიან დიდია, 5 თვის განმავლობაში 600-მდე ბენეფიციარმა მიიღო ჩვენგან სპეციალური ცოდნა და ინფორმაცია მისთვის საინტერესო მიმართულებაში", - ამბობს ფხოველიშვილი. 

 

 

 

 

 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "ადგილობრივი მედია ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტს რადიო "მოზაიკა" "ქალთა ფონდის" მხარდაჭერით ახორციელებს.