Back to Top
ხუთშაბათი, 15 აპრილი 2021 11:57

ხოჯევანიშვილი თანამოაზრეთა რაოდენობის გაზრდას აანონსებს, გორის მერი კი „ოცნებაში“ რჩება

Rate this item
(1 Vote)

"ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატი, გიორგი ხოჯევანიშვილი თანამოაზრეთა რაოდენობის გაზრდას აანონსებს.

 

 

მისი თქმით, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა სწორი გზით არ ვითარდება, კიდევ გაიზრდება.

 

 

"მე, რა თქმა უნდა, სახელებისა და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ასევე ხედავენ პრობლემებს. არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩუმად ყოფნა იქნება პრობლემა საზოგადოებისთვის და არამხოლოდ მათთვის, ან რომელიმე პოლიტიკური გუნდისთვის", -ამბობს გიორგი ხოჯევანიშვილი

 

 

ყოფილი თანაგუნდელის განცხადებას გორის მერი გამოეხმაურა. კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ გიორგი ხოჯევანიშვილთან პარტიიდან წასვლის შემდეგ არ უსაუბრია, თუმცა გახარიას ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში თავს, მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების შემდეგაც არ განიხილავს, როდესაც მას უფლებამოსილების ვადა ეწურება.

 

 

"მე ვარ ქართული ოცნების წარმომადგენელი გორში და ვრჩები ამ გუნდში რა თქმა უნდა. შემოთავაზებაც რომ იყოს მე რა თქმა უნდა პარტიას არ დავტოვებ. რაც შეეხება მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებში ჩემს მონაწილეობას, არ ვიცი, ვნახოთ რა გადაწყვეტილებებს მივიღებთ გუნდში",-აღნიშნა გორის მერმა.

 

 

თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს გახარიას ახალი გუნდიც. თუმცა გიორგი ხოჯევანიშვილს, ჯერჯერობით არ დაუსახელებია, ვის მოიაზრებენ ახალი პოლიტიკური გაერთიანებიდან გორის მერის კანდიდატად და პარტიული სიის პირველ ნომრად.

 

 

გორი-კასპის მაჟორიტარი და ახლა უკვე დამოუკიდებელი დეპუტატი აცხადებს, რომ პოლიტიკურ გეგმებსა და საარჩევნო დეტალებზე უახლოეს პერიოდში თავად მათი ლიდერი, გიორგი გახარია ისაუბრებს.