Back to Top
ორშაბათი, 19 აპრილი 2021 13:09

რატომ ტოვებენ სოფლებს ახალგაზრდა გოგონები-ლიკა კასრაძე ერგნეთიდან 

Rate this item
(0 votes)

სოფლად მცხოვრები გოგონები განათლების მიღების შემდეგ, ცდილობენ სამსახური ქალაქში იპოვონ, დასაქმების შემთხვევაში კი მშობლიურ სოფელში ზოგ შემთხვევაში წლების განმავლობაში აღარ ბრუნდებიან, რადგან მათთვის და არამარტო მათთვის, რეგიონში დასაქმება რთულია.

 

 

 

 

 

 

ლიკა კასრაძე საოკუპაციო ხაზთან მდებარე, სოფელ ერგნეთში ცხოვრობს. 

 

 

ლიკა საკუთარ მაგალითზე საუბრობს და ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი მცდელობისა, რეგიონში სამსახურის დაწყება ვერ შეძლო. 

 

 

"სოფელში ძალიან რთულია, რომ აქ დასაქმდე, რა თქმა უნდა ახალგაზრდები ცდილობენ, რომ სამსახური ადგილზევე იპოვონ, ხშირად შეიძლება მათი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენდეს, მაგრამ მიზერული ხელფასის სანაცვლოდ, მაინც თანხმდებიან გარკვეულ სამუშაოზე, ხშირად ესეც შეუძლებელი ხდება. უნივერსიტეტში სწავლის დროს აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში, ვახორციელებდით პროექტებს, თუმცა სამსახურის მოძიება და დასაქმება ძალიან რთული იყო. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში ასეთი პრაქტიკაა, რომ ვიღაც უნდა გყავდეს, ვინც კეთილ ნებას გამოიჩენს და დაგასაქმებს", -ამბობს ლიკა. 

 

 

ლიკას თქმით, საჯარო სამსახურში დასაქმება რამდენჯერმე სცადა, გასაუბრებებისა და კონკურსების გავლის შემდეგ კი, უარი უთხრეს. 

 

 

 

 

 

 

 

ლიკა იხსენებს, რომ საჯარო სამსახურში, საკუთარ რეგიონში ვერ დასაქმდა, ამიტომ გადაწყვიტა ბედი სხვა პროფესიაში და სხვა ქალაქში ეცადა. 

 

 

" გავიარე სტაჟირების პროგრამაც პიარის განხრით, მაგრამ როცა გასაუბრებაზე მივედი, პირდაპირ მიმანიშნეს, რომ თუ პარტიული არ ვიყავი, ვერ ამიყვანდნენ სამსახურში. რა თქმა უნდა ახალგაზრდა გოგონებმა, ყველანაირად უნდა იაქტიურონ, იმისთვის რომ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება შეძლონ. მეც ამ ყველაფრის შემდეგ, ხელები არ ჩამომიყრია, გადავემზადე ფსიქოლოგიის განხრით და დედაქალაქში ვიპოვე სამსახური", - გვითხრა ლიკამ.

 

 

 

ლიკა საკუთარი სოფლის მაგალითზე საუბრობს და ამბობს, რომ ის იმისთვის, რომ ახალგაზრდების მიგრაცია შეჩერდეს, სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს, რადგან მხოლოდ, რამდენიმე ახალგაზრდის აქტიურობა სოფლის განვითარებისთვის საკმარისი არ არის. 

 

 

" წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა პროექტებს ვახორციელებდით ერგნეთში, ერთ-ერთი მაგალითი იყო, ფეხბურთის წრე, რომელიც ერგნეთის გარდა აერთიანებდა ტირძნისის თემის სოფლების ახალგაზრდობას. ეს ბავშვები ყოველდღე მოდიოდნენ და ვარჯიშობდნენ, ტურნირებისთვის ემზადებოდნენ და არაერთი წარმატებაც ჰქონიათ, თუმცა ეს ყველაფერი ხდებოდა ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად. ეს პროექტები კეთდებოდა, იმიტომ რომ ყურადღება ყოფილიყო ჩვენი სოფლის მიმართ. იყო შემთხვევები, როცა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოვიდნენ და დაგვპირდნენ, რომ ხელშეწყობა იქნებოდა მათი მხრიდან, მაგრამ დღემდე ამ კუთხით არაფერი შეცვლილა", -ამბობს ლიკა. 

 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "ადგილობრივი მედია ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტს რადიო "მოზაიკა" "ქალთა ფონდის" მხარდაჭერით ახორციელებს.