Back to Top
სამშაბათი, 04 მაისი 2021 14:19

დევნილი ქალები პანდემიის პირისპირ - ნანა კახნიაშვილი დიდი ლიახვის ხეობიდან 

Rate this item
(0 votes)

"დღეს დევნილთა დასახლებებს თუ გადავხედავთ, ყველა ეზოში დავინახავთ მოფუსფუსე ქალს, რომელიც მიწას ამუშავებს, ფრინველებსა და ცხოველებს უვლის", -ამბობს დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი, ნანა კახნიაშვილი.

 

 

 

 

ის ახლა წეროვნის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს და როგორც ამბობს, აქ მცხოვრებმა ქალებს ყოველდღიურად არაერთ პრობლემასთან გამკლავება უხდებათ. მისი თქმით, პანდემიამ ქალების უმეტესობაზე რთულად იმოქმედა.

 

 

 

"გამოვლილი მძიმე პერიოდის შემდეგ, ნელნელა შეძლეს ფეხზე დადგომა. თუმცა პანდემიამ მეტნაკლებად შეცვალა მათი ყოფა, მატერიალურადაც და სულიერადაც. მაგ: დღეს ბევრი ოჯახი ახლა უფრო გაჭირვებულია, ვიდრე შარშან ან იმის წინ. ეს განაპირობა იმან, რომ ამ დასახლებებში მცხოვრები ქალები მუშაობენ თბილისში, ზოგი ძიძად მუშაობდა ან სხვადასხვა სამსახურში იყო დასაქმებული, პანდემიამ მათ ეს შესაძლებლობაც წაართვა", - ამბობს ნანა. 

 

 

 

ნანა ფიქრობს, რომ სახელწიფო დევნილი ქალების გაძლიერებისთვის მეტად უნდა ზრუნავდეს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის სხვადასხვა პროექტები უნდა შეიმუშაოს. 

 

 

"გარკვეული სახის დაფინანსებები არის ხოლმე დევნილი ქალებისთვის და არა მარტო, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ან სახელმწიფოს მხრიდან, რათა ამ ადამიანებმა მცირე ბიზნესის წამოწყება მაინც შეძლონ. ჩვენს დასახლებაში მაგალითად, ორ ოჯახს აქვს ყვავილების სათბური, რომელსაც ძალიან კარგად ამუშავებდნენ, მაგრამ შარშან და წელს ეს ადამიანები ფაქტიურად გაკოტრების პირას აღმოჩდნენ, რადგან რეალიზებას ვეღარ ახდენდნენ. ჩაიკეტა გზა, მიკროავტუბუსები აღარ მოძრაობდნენ და გაუფუჭდათ ეს ყვავილები. მიიღეს დიდი მატერიალური ზარალი", - ამბობს ნანა კახნიაშვილი. 

 

 

ნანა კახნიაშვილის თქმით, სახელმწიფო დევნილთა დასახლებებში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობით ნაკლებად ინტერესდება და მოსახლოებას არ აქვს აქტიური კომუნიკაცია ადგილობრივ ხელისუფლებასთან. 

 

 

"ჩვენი დასახლების მაგალითზე რომ ვთქვა, პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა შეხვედრა ახალგორის მუნიციპალიტეტის შუამავლობით და ჩვენ, დაინტერესებული ადამიანები ვესწრებოდით ამ შეხვედრას. ბოლო პერიოდში ნამდვილად არ მახსენდება, რომ აქ ვინმე მოსულიყო და რაიმე პროექტის შესახებ ესაუბრა მოსახლეობასთან",- გვითხრა ნანამ. 

 

 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "ადგილობრივი მედია ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტს რადიო "მოზაიკა" "ქალთა ფონდის" მხარდაჭერით ახორციელებს.