Back to Top
სამშაბათი, 04 მაისი 2021 14:38

მოსცილდით სოციალურ ქსელებს და დრო შვილებთან გაატარეთ-ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

Rate this item
(0 votes)

გორელი ფსიქოლოგი ანა ხუტიაშვილი მშობლებს ბავშვებთან მეტი დროის გატარებას ურჩევს. მისი შეფასებით, პანდემიამ მოზარდების ქცევაც შეცვალა და ინტერნეტის ეპოქაში ის უფრო ეკრანზე დამოკიდებულად გახადა.

 

 

ანა ხუტიაშვილი მშობლებს ურჩევს, რომ არდადეგების პერიოდში, პანდემიის ფონზე ბავშვებს სახლში ნუ გამოკეტავენ და მათთვის საინტერესო თემებზე მეტი ისაუბრონ.

 

 

"ამ პერიოდში მშობლის როლი უმნიშვნელვანესია, მეტი დრო უნდა გაატარონ საკუთარ შვილებთან. მეტად ესაუბრონ. მშობლებმა მოსწავლეების დღის რეჟიმი არ უნდა დაარღვიონ. გააღვიძონ ბავშვები ისევ დილით ადრე, ასაუზმონ ისევ ჩვეული რეჟიმით და აქტიურად ჩაერთონ მოზარდების ცხოვრებაში. ვესაუბროთ იმ განცდებსა და ემოციებზე, რაც ჩვენც გვაქვს და ვკითხოთ ბვშვებს აზრი, თვითონ რას ფიქრობენ ამა თუ იმ თემებზე. ბავშვმა უნდა გაიგოს, რომ მარტო არ არის და მისი განწყობა საინტერესო და მნიშვნელოვანია მისი ახლობელი ადამიანებისთვის", -ამბობს, ანა ხუტიაშვილი.

 

 

ფსიქოლოგის რეკომენდაციით, მშობლები ბავშვების თანდასწრებით ნაკლებად უნდა იყვნენ ჩართულები სოციალურ ქსელში, რადგან მოზარდისთვის ეს ნორმად აღიქმება და ისიც დროის გატარებას ელექტრონულ მოწყობილობასთან არჩევს. ფსიქოლოგი მშობლებს ურჩევს, რომ არდადეგების პერიოდში ბავშვები ხშირად გაიყვანონ ბუნებაში.

 

 

"მშობლები მაგალითები უნდა ვიყოთ ჩვენი შვილებისთვის. ნაკლებად ვიყოთ ჩართული სოციალურ ქსელში და მეტი დრო გავატაროთ ბავშვებთან. მეტი ვისეირნოთ მათთან ერთად, რათა არ გახდნენ აგრესიულები, უფრო მეტად არ გაუჭირდეთ შემდეგ გამოსვლა. რატომ იწევს ბავშვი გაჯეტებისკენ? იმიტომ რომ იქ უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, არ შეუქმნათ ასეთი კომფორტის ზონა. ყველანაირად უნდა დავარწმუნოთ, რომ გარეთ უკეთესია და მეტი ემოციის მიღებაა შესაძლებელი",-ამბობს ანა ხუტიაშვილი.

 

 

ინფორმაციისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-დან 12 მაისის ჩათვლით საქართველოსი უქმე დღეებია გამოცხადებული. სააღდგომო დღესასწაულებთან ერთად მოსწავლეებს 2 კვირიანი არდადეგების გატარება უწევთ.