Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 21 იანვარი 2020 12:00

ახალგორელები ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე და დე ფაქტო ლიდერის ულტიმატუმი

Rate this item
(0 votes)

"5 თებერვალს 5 თვე გახდება, რაც ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაიკეტა, მოსახლეობა უკიდურესად სტრესულ მდგომარეობაშია", - ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ახალგორში მცხოვრები მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. 

 

მისი ინფორმაციით, მოსახლეობა შიშობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, ოკუპირებულ დაბაში შესაბამის სამედიცინო სერვისს ვერ მიიღებს და საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.

 

 

"სხვა სამედიცინო სერვისებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მედიკამენტებიც კი არაა. პროდუქტების უმრავლესობა ახალგორში ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შედიოდა, მას შემდეგ კი, რაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გზები ჩაკეტეს, პროდუქტები გაძვირდა. ყველაფერი ვლადიკავკაზიდან, ცხინვალის გავლით შედის დაბაში, რაც ფასებს ახუთმაგებს. მაგალითად, მანდარინის შეძენა, რომელიც აქ 1 ლარი ღირს, ახალგორელებს 5-6 ლარად უწევთ ყიდვა. კატასტროფული ფასებია ხილსა და ბოსტნეულზე. გვაქვს ინფორმაცია, რომ მოსახლეობა ძალზე უკმაყოფილოა და როდესაც ე.წ. პრეზიდენტი ახალგორის მოსახლეობას შეხვდა, ეს უკმაყოფილება და პროტესტი ცალსახად დააფიქსირეს დაბაში მცხოვრებლებმა. 5 თებერვალს 5 თვე გახდება, რაც ე.წ. გამშვები პუნქტი ჩაიკეტა. ამ პერიოდის განმავლობაში, დაბაში შესვლა ვეღარ შეძლეს იმ ადამიანებმა (პედაგოგებმა, მედიცინის მუშაკებმა), რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ახალგორში. საოკუპაციო რეჟიმს, ფაქტობრივად, მძევლად ჰყავს ახალგორელები, როგორც ეთნიკურად ქართველები, ასევე ეთნიკურად ოსი მოსახლეობაც“, -ამბობს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი.

 

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით კი საქართველოსთან "საზღვარი" იქამდე არ გაიხსნება, ვიდრე ქართული მხარე წნელისთან "უკანონო საგუშაგოს" არ მოხსნის.

რეგიონში არსებულ ვითარებაზეც ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა რუს "მესაზღვრეებთან" შეხვედრისას გაამახვილა ყურადღება.

 

 

"თუ ჩვენ გვაქვს პრობლემები ზნაურის რაიონში, მაშინ ეს პრობლემები ყველა რაიონს ეხება. არ შეიძლება იყოს ისე, რომ სახელმწიფოს ერთ ნაწილში პრობლემები არსებობდეს, ხოლო მეორეს ნეიტრალური პოზიცია ეჭიროს. თუ თქვენ იცავთ სამხრეთ ოსეთის ინტერესებს, ებრძოლეთ პროვოკაციებსა და გამოწვევებს. ყველამ, ვინც თავს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქედ თვლის, ეს უნდა გააკეთოს ერთად. ამიტომ, რაზდახანში საზღვარი დაიხურება მანამ, სანამ არ მოხდება სოფელ უისტას (წნელისი) მიდამოში უკანონო საგუშაგოს მოხსნა", - განაცხადა ე.წ. პრეზიდენტმა.

 

საოკუპაციო ძალებმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ დაბის შესასვლელი 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ჩაკეტეს და მის გახსნას 6 სექტემბრისთვის აპირებდნენ, თუმცა პირობა არ შესრულდა. ახალგორელების ნაწილმა დაბა მის ჩაკეტვამდე დატოვა, დაბაში დარჩენილები კი გზის გახსნას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.