Back to Top
სამშაბათი, 21 აპრილი 2020 16:40

რას სთავაზობს გორის მერია გარემოვაჭრეებს, რომელთა დახლებიც კომენდანტის დროს დაშალეს?

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დახლები, 15 აპრილს გვიან ღამით, კომენდანტის საათის დროს დაშალა, მიზეზად კი, მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაასახელეს.

მარინე გაგლოშვილი ერთ-ერთი გარემოვაჭრეა, ვისი დახლიც მერიის თანამშრომლებმა დაშალეს. მისი თქმით, თითოეულ მაგიდაში, რომელიც ზედამხედველობის სამსახურმა დაუშალა, 500 ლარი აქვს გადახდილი.

 

 

 

მარინე გაგლოშვილის მსგავსად, კითხვები სხვებსაც გაუჩნდათ: ჰქონდათ თუ არა უფლება მერიის თანამშრომლებს დაეშალათ დახლები;  დაუბრუნდებოდათ თუ არა ის სამშენებლო მასალები, რომლითაც აღნიშნული დახლები ააგეს გარემოვაჭრეებს; მიეცემათ თუ არა უფლება მათ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ ვაჭრობის უფლება იმავე ადგილზე; რა ალტერნატივას სთავაზობს გორის მერია მათ და ა.შ

 

 

იურისტის დავით გიგაურის აზრით, უწყებამ საგანგებო მდგომარეობა საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენა. იგი აღნიშნულ მოვლენებში ადამიანის უფლებების დარღვევის ნიშნებს ხედავს.

 

"ადამიანის უფლებები იზღუდება საგანგებო მდგომარეობის დროს მაგრამ ამით ბოროტად სარგებლობა არ შეიძლება, 3 პოლიციელი რომ მისულიყო იქ გარემოვაჭრე აღარ დადგებოდა, ჯარიმის შიშით, მაგრამ როცა დიდი ხნის გეგმას ასრულებენ და გარემოვაჭრეებს იშორებენ ეგ არაა საგანგებო მდგომარეობის შესაფერისი. სახელმწიფომ ხელი აიღო მის ფიდუციურ ვალდებულებაზე და საგანგებო მდგომარეობა გამოიყენა საკუთარი ინტერესების შესაბამისად. გაფრთხილება არაა პასუხისმგებლობიდან განთავისუფლების ინდულგენცია, როცა ადამიანის უფლებების შეზღუდვა ხდება. რეაგირება უნდა იყოს პროპორციული და პროპორციული კი არა მათმა ქმედებამ ხალხის თავშეყრა განაპირობა, რაც მუნიციპალიტეტის მხრიდან წინდაუხედავ ქმედებას წარმოადგენს" , - განმარტავს გიგაური.

 

რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებას, უწყებაში აცხადებენ, რომ დაშლილი დახლების სამშენებლო მასალების წაღება გარემოვაჭრეებს შეუძლიათ. ასევე მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაციები ყოველდღიურად ირღვეოდა.

 

"მასალაც და დახლებიც წაიღო მაშინვე ნაწილმა და, რა თქმა უნდა, ვისაც ჯერ არ წაუღია, უფლება აქვთ მიიღონ თავიანთი კუთვნილი. რაც შეეხება დანარჩენს, გარევაჭრობა ისედაც აკრძალულია და აქამდეც არაერთხელ იყვნენ ისინი გაფრთხილებულები. მერია მათ სთავაზობს ალტერნატიულ ფართებს იმ ადგილებზე, სადაც ვაჭრობა დაშვებულია. მაგალითისთვის, ბაზარი ოცდამეერთეს ტერიტორია, ასევე წმინდა წყალზე, შიო მღვიმელის ქუჩაზე და სხვა", - განმარტავს გორის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნათია მდინარიძე.

 

ამავე თემაზე: ამ წუთებში ავტოსადგურის მიმდებარედ დახლებს შლიან