Back to Top
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2021 14:40

გორში, „ოცნების“ შემომწირველისთვის გადაცემულ ტერიტორიაზე სასტუმრო შენდება

Rate this item
(0 votes)

გორში, "ახალბაღის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც წლების წინ ცირკი დაიწვა, სასტუმრო შენდება. ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" ადგილობრივმა ბიზნესმენმა ბორის გოგიჩაიშვილმა დაუდასტურა.

 

მისი განმარტებით, მშენებლობის პროცესი ერთ წელში დასრულდება და ქალაქს ახალი თანამედროვე ტიპის ობიექტი შეემატება.


ბორის გოგიჩაიშვილმა სასტუმროს მშენებლობა ჯერ კიდევ ორი წლის წინ დააანონსა, როცა ეკონომიკის სამინისტროსგან ტერიტორიის (12 840 კვ.მ) ოფიციალურად გადაცემას ელოდებოდა (სასამართლოს განჩინებით, მესაკუთრის სტატუსი დაიბრუნა). ახლა კი განმარტავს, რომ სასტუმროს სხვა აშენებს, თუმცა პროცესის დასრულების შემდეგ ბიზნესის მეწილე თვითონაც იქნება.


"არ გამოყიდია, გავასხვისე, კომპანიას არ უნდა გამოჩნდეს, ვინც აშენებს და მე ვერ გეტყვით მის შესახებ. ერთ წელში დასრულდება მშენებლობა, ძალიან მაგარი რამე კეთდება. მოგვიანებით ალბათ უფრო მეტ დეტალს შეიტყობთ. ადგილობრივ თვითმმართველობას საერთოდ არ აქვს შეხება ამ ამბავთან, სხვები აშენებენ", - ამბობს ბორისი გოგიჩაიშვილი.


საჯარო რეესტრის მიხედვით, 2020 წლის ზაფხულში ქონება ბორის გოგიჩაიშვილმა მეუღლეს ჩუქებით გადასცა, რომლის ოფიციალურ მფლობელად ამ დრომდე სწორედ მარინე ჭიღლაძე ფიქსირდება.

 

ამავე თემაზე: "ოცნების" შემომწირველი ბიზნესმენი სახელმწიფოსგან გორში, 12 840 კვ.მ. ფართის გადაცემას ელოდება

 

ინფორმაციისთვის, ბორის გოგიჩაიშვილმა, კომპანიის სახელით, 2019 წლის მაისში "ქართულ ოცნებას" 100 000 ლარი შეწირა. შპს „საქართველოში“ ბოროს გოგიჩაიშვილი 100%-იან წილს ფლობს. ეს ის კომპანიაა, სადაც 2011 წელს პროკურატურამ დარღვევები აღმოაჩინა. მისი დირექტორი ბორის გოგიჩაიშვილი კი სახელმწიფო სახსრების მითვისების და საგადასახდო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დააკავეს. დაკარგული ქონებისთვის ბრძოლა გოგიჩაიშვილმა 2012 წლიდან, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ განაახლა.

Read 522 times