Back to Top
პარასკევი, 05 მარტი 2021 18:19

კონფლიქტით დაზარებული ქალები თემის პრობლემეზე სასაუბროდ გორის მერს შეხვდნენ

Rate this item
(0 votes)

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალები მათ თემში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ, დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ.

 

კარალეთიდან, მეჯვრისხევიდან, აძვიდან, ნიქოზიდან, ხვითიდან, ზარდიაანთკარიდან, გუგუტიაანთკარიდან, სკრის, ბერბუკის და საქაშეთის დევნილთა დასახლებებიდან ქალები გორში იმ პრობლემებზე სასაუბროდ ჩამოვიდნენ, რომლებიც განსაკუთრებით ურთულებთ ცხოვრებას და დამატებით გამოწვევებს უქმნით.

 

მაგალითად მაია ქურდაძემ, რომელიც საქაშეთის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, კანალიზაციის პრობლემაზე ისაუბრა.

 

„განსაკუთრებით ზაფხულშია საშინელი სუნი ამ კანალიზაციიდან. ინდივიდუალური გაწმენდები, რაც ფინანსებთანაა დაკავშირებული, ყველასთვის არაა ხელმისაწვდომი. ტუალეტები სახლში გვაქვს და წარმოიდგინეთ, როცა წვიმაა და სწრაფად ივსება ჭები, რა მდგომარობაში გვიწევს ცხოვრება“.

 

მატარებლის მოძრაობის აღდგენა მოითხოვეს ნიქოზის თემიდან ჩამოსულმა ქალებმა. ნათია მჭედლიძემ თქვა, რომ მას შემდეგ, რაც მატარებელი მათ სოფელში აღარ დადის, ადგილობრივებს მოსავლის სარეალიზაციოდ წაღება უჭირთ.

 

„მატარებლით მიჰქონდა ხალხს მოსავალი თბილისში და იქ ყიდდა.  იაფი იყო მგზავრობა და უღირდათ წაღება და ხარჯის გაღება. უნდა აღდგეს რეისი და მატარებელმა ისევ უნდა იაროს სოფელში. გარდა ამისა, ბაქანიც გასაკეთებელია, ორმოულებია ამოსავსები“.

 

სკოლის რეაბილიტაცია სურთ სოფელ აძვის მოსახლეობას. მერი კორინთელმა თქვა, რომ ახალგაზრდებს სჭირდებათ გარემონტებული და საინტერესო აქტივობებით დატვირთული საგანმანათლებლო სივრცე.


„მოსახლეობას სურს, რომ აღდგეს ყოფილი სკოლის შენობა სოფელ აძვში და იქ გაიხსნას კულტურული წრეები. ასევე პერიოდულად ეწყობოდეს ტრენინგები, ფილმის ჩვენება-დისკუსიები და ა.შ. ეს ყველაფერი ახალგაზრდებს უფრო მეტ შესაძლბელობას გაუჩენს და ის, ვინც ამ მიზნით ქალაქში გადაადგილებას ვერ ახერხებს, ეს საშუალება ადგილზე ენქბა“.

 

ქალების გამოსვლებს საკუთარ თემში არსებული პრობლემების შესახებ, გორის მერი ერთი საათის განმავლობაში ისმენდა და ინიშნავდა.

 

„ყველანაირად ვეცდები, რომ გადავუწყვიტო ის საკითხები, რაც მათგან მოვისმინე. აქვე მინდა ვთქვა, რომ სხვადასხვა საკითხის ადგილამდე მოტანაში ქალები უფრო აქტიურები არიან, ვიდრე მამაკაცები. აქედან გამომდინარე ასეთ ლიდერ ქალებთან შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, - თქვა შეხვედრის ბოლოს კონსტანტინე თავზარაშვილმა.


შეხვედრა ფონდი ტასოს „მხარდაჭერით” და  კარლეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

Read 527 times