Back to Top
ოთხშაბათი, 12 მაისი 2021 23:33

ივანიშვილისგან გადაცემულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობის ვადები უცნობია

Rate this item
(0 votes)

გორში, ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობის შესახებ, გორელებისთვის გაცემული დაპირება ამ დრომდე შეუსრულებელია.

 

ბიძინა ივანიშვილის მიერ, გორის მუნიციპალიტეტისთვის გასულ წელს ნაჩუქარ ობიექტზე შესაბამისი სამუშაოები 2021 წლიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა იქ ამ ეტაპისთვის არაფერი კეთდება. 

 

2020 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში, გორის მერმა თავად დააანონსა, რომ უახლოეს მომავალში რეკრეაციული ზონის მოწყობა დაიწყებოდა და გორს ახალი დასასვენებელი და გასართობი სივრცე შეემატებოდა. კონსტანტინე თავზარაშვილი მაშინ აცხადებდა, რომ 21 813 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე ტერიტორიის ღირებულება, რომელიც კერძო მესაკუთრისგან ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გამოისყიდეს, 1550 000 ლარია. ახლა კი ამბობს, რომ აღნიშნული ტერიტორიის ნაწილი 30-მდე კერძო პირის საკუთრებაშია და სამუშაოებიც სწორედ ამ ვითარების გამო ჭიანურდება.

 

"კერძო პირებთან თუ არ მოხდა დალაპარაკება სამუშაოებს ვერ დავიწყებთ. შუაში 2 ადგილია, გვერდზე ერთი ადგილი, ნაპირზე 26 ადგილია კერძო საკუთრებაში. მოლაპარაკებები მათთან დაწყებულია, თუმცა რა დრო დასჭირდება ამას ვერ გეტყვით. ეს ინდივიდუალურია, წარმოიდგინეთ, 30-მდე კერძო პირთან მიდის მოლაპარაკებები, ცოტა რთულია.. თავისი ეტაპები აქვს ამას რა თქმა უნდა",-უთხრა რადიო "მოზაიკას" კონსტანტინე თავზარაშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, რადიო "მოზაიკა" საკითხის გარკვევას მხარდამჭერ ფონდთანაც შეეცადა, თუმცა "ქართუ ჯგუფის" წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ ეტაპისთვის აღნიშნულ საკითხთხთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერაფერს იტყვიან.

Read 1307 times Last modified on ხუთშაბათი, 13 მაისი 2021 00:04