Back to Top
ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2020 14:00

საფრთხე თუ გამოწვევა - ყოფილი პარლამენტარები ერთპარტიულ პარლამენტზე

გორის მუნიციპალიტეტის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატები მე-10 მოწვევის პარლამენტის მუშაობას აფასებენ. მათი თქმით, თუ მმართველი გუნდი და ოპოზიცია გარკვეულ დათმობებზე არ წავლენ და საკანონმდებლო ორგანო დარჩება ერთპარტიული, ეს ქვეყნის განვითარებას შეუშლის ხელს.


2020 წლის არჩევნებზე, გორი - კასპის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან ბადრი ბასიშვილი ფიქრობს, რომ  პროცესები, რომლებიც ახლა ქვეყანაში მიდის, შეაფერხებს, ქვეყნის განვითარებას. ბასიშვილი ასევე მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო 2008-2012 წლებში.

 

 

 

“მოპარული არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული აღმოჩნდა, ეს ხელს შეუშლის ჩვენი ქვეყნის განვითარებას. ეს პროცესები არ იქნება კარგი სამომავლო განვითარებისთვის, არც მოსახლეობის ყოველდღიური ყოფა გაუმჯობესდება“, - ამბობს ბადრი ბასიშვილი.

თენგიზ ხუბულური მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2012 წელს ის "ქართული ოცნების" პროპორციული სიით შევიდა პარლამენტში, 2016 წელს კი, ის პარტიამ მაჟორიტარ კანდიდატად დაასახელა გორის მუნიციპალიტეტში. ხუბულურის თქმით ოპოზიციის ბოიკოტი რევოლუციურ განწყობებს ემსახურება.

 

“რატომაა ერთპარტიული, მრავალპარტიულია, ეუბნებიან ოპოზიციას, მოდით პარლამენტში, ესენი არ შედიან, მაგათ თავიდანვე ეტყობოდათ რომ რევოლუციისთვის ემზადებოდნენ. არ შეიძლება პირადი ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენო. ბოლო წლების განმავლობაში ნაციონალები საერთოდ არ დადიოდნენ, მაგრამ პარლამენტი მუშაობდა“, - ამბობს თემურ ხუბულური.

მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი თამაზ შიოშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება უნდა მოხდეს.

 

“ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო არ არის ეს ერთპარტიული პარლამენტი, მე იმედს ვიტოვებ, რომ მივლენ კონკრეტულ შეთანხმებამდე, ოპოზიცია და ხელისუფლება და ისე მოიქცევიან როგორც ქვეყნისთვის იქნება უკეთესი“, - თქვა თამაზ შიოშვილმა.

ყოფილი პარლამენტარი სოსო ვახტანგაშვილი თვლის, რომ ერთპარტიული პარლამენტი მმართველ გუნდსაც უხერხულობას უქმნის.

 

“რითაც ჩვენი ქვეყანა არის გამორჩეული ეს არის დემოკრატიის მაღალი ხარისხი, სწორედ ამ მაღალ ხარისხზე იქნება ყველაზე დიდი დარტყმა. ხელისუფლება აცნობიერებს, რომ უხერხულ მდგომარეობაშია, მცდელობა აქვთ ცუდი, რომ ხრიკებით შეიტყუონ ოპოზიცია პარლამენტში, მაგრამ ფაქტია არ გამოსდით“, - ამბობს სოსო ვახტანგაშვილი.

 

                                                        

 

 


11 დეკემბერს ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გამართა, რომელსაც მხოლოდ "ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებოდნენ. ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა და პარლამენტის პირველ სხდომაზე არ გამოცხადდა.