Back to Top
ოთხშაბათი, 19 აგვისტო 2020 16:41

პედაგოგები არიან აპოლიტიკურები და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ ევალებათ - საია

"პედაგოგებს და სხვა საჯარო მოხელეებს საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა არ ევალებათ", - ეს განცხადება საიას გორის ოფისში მას შემდეგ გააკეთეს, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ოცნების" კანდიდატი გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში სკოლების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

 

ქეთინო ბებიაშვილის განმარტებით, მსგავსი ფაქტები გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე მეტყველებს.

 

"მაშინ, როცა შესაძლოა არ აიძულებდნენ მაგალითად პედაგოგებს კონკრეტულ კამპანიაში მონაწილეობას, ირიბად მაინც შესაძლოა ჩაითვალოს ძალადობად, რადგან პედაგოგის საქმიანობა არის აპოლიტიკური და ის არ არის ვალდებული ჩართული იყოს საარჩევნო კამპანიაში. მათ აქვთ თავისი ეთიკის ნორმები, ისევე როგორც საჯარო მოხელეებს, რომლის მიხედვით აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობა იძულებით, ყოვლად დაუშვებელია, ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებს, როდესაც კონკრეტული ანგარიშების წარდგენა ხდება საჯარო მოხელეების ან პედაგოგების წინაშე და საზოგადოების ჩართულობა მინიმალურია. უმჯობესია თუ ასეთი ფაქტი ფიქსირდება, დროულად მოხდეს გასაჯაროვება, რომ დროულად მოხდეს მათი უფლებების დაცვა. ჩვენ არაერთი ფაქტი გვქონია გასულ წლებში, როდესაც ადამიანები აიძულეს, ან დაემუქრნენ სამსახურიდან გაშვებით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო დავების შემთხვევაშიც არის წარმატებული," - ამბობს ბებიაშვილი.

 

გარდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა კენჭისყრის დღემდე საიას ინფორმაციით, მასიურად ხორციელდება სურსათის დარიგება და სხვა მსგავსი შემთხვევები,რომლის მთავარ მიზანს ამომრჩეველზე გავლენის მოხდენა წარმოადგენს. ორგანიზაცია, რომელიც საარჩევნო პროცესებს მონიტორინგს წელსაც უწევს განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად არ გამოცხადებულა, საარჩევნო სუბიექტები ბოლო ორ თვეში საგრძნობლად გააქტიურდნენ.

 

"მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არ არის გამოცხადებული საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის სათანადო დრო და არჩევნების ჩატარების ზუსტი თარიღი, წლის დასაწყისიდანვე მიმდინარეობს როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის მხრიდან წინასაარჩევნო კამპანია, რაც უფრო მეტად გაძლიერდა უკვე ივლისი-აგვისტოს განმავლობაში, რაც ნათლად მიუთითებს იმ აქტიურობას და ჩართულობას, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის ფიქსირდება ასევე სურსათის გადაცემის ფაქტები, გარკვეული დახმარებების გაწევა. ეს შეიძლება პირდაპირ არ აღიქმება, როგორც საარჩევნო კამპანია, მაგრამ აღნიშნული საკითხი ჩვენი მხრიდან მაინც შესწავლის საგანია, რათა ეს არ იყოს მოქცეული ამომრჩევლის მოსყიდვის ფარგლებში,"- ამბობს ქეთინო ბებიაშვილი.