Print this page
შაბათი, 12 სექტემბერი 2020 13:14

“ქართული ოცნების” კანდიდატი გორელ მასწავლებლებს მედიის გარეშე შეხვდა

"ქართული ოცნების" კანდიდატი გორი - კასპის მაჟორიტარულ ოლქში, გიორგი ხოჯევანიშვილი გორელ მასწავლებლებს მედიის გარეშე შეხვდა.

ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში გამართულ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ხოჯევანიშვილის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. ღონისძიებას პედაგოგებთან ერთად, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, ნანა ტერმაკოზაშვილიც ესწრებოდა, რომელიც სოციალურ ქსელში ხოჯევანიშვილისადმი ღია მხარდაჭერას აქტიურად გამოხატავს.

უცნობია, არასამუშაო დღეს, ვისი ორგანიზებით და ხარჯებით მოხდა მასწავლებლების ხოჯევანიშვილთან შეხვედრაზე მისვლა.

"ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმის ეზოში გორელ და კასპელ პედაგოგებს შევხვდი. ჩემთან ერთად შეხვედრას კასპის მერობის კანდიდატი ვახტანგ მაისურაძეც დაესწრო. განათლების სფერო ჩემთვის განსაკუთრებით სათუთია, რადგან მეც პედაგოგების ოჯახიდან ვარ და ზუსტად ვიცი რა საჭიროებები და პასუხისმგებლობები აქვთ ამ სფეროს წარმომადგენლებს. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებაა და ხარისხიანი განათლება სწორედ მასწავლებლებზე და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებზე დგას. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მათ სრული სრული მხარდაჭერა აქვთ. რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ამიტომ მათი მოსაზრებები და ინიციატივები ჩემთვის მნიშვნელოვანია. ამ მხრივ შეხვედრა ნამდვილად ნაყოფიერი და ღირებული იყო", - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ეს არ არის პირველი შეხვედრა, რომელიც საარჩევნო პერიოდში “ქართული ოცნების” კანდიდატმა მედიის გარეშე გამართა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ხოჯევანიშვილის საარჩევნო შტაბს მედიასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ჰყავს, დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჟურნალისტებს მაინც არ მიეწოდებათ.