Print this page
ორშაბათი, 14 სექტემბერი 2020 14:27

ენმ-მ სუს-ის მხრიდან ამომრჩეველზე შესაძლო ზეწოლის შესახებ "სამართლიან არჩევნებს" აცნობა

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სოფელ მეჯვრისხევში მომხდარი ინციდენტის შესახებ "სამართლიან არჩევნებს" აცნობა.

 

ენმ-ს წევრები სოფელ მეჯვრისხევში მაჟორიტარობის კანდიდატ ბადრი ბასიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ. პარტიის წერთ-ერთმა წევრმა დააფიქსირა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი მათ ფოტოებს უღებდა. როდესაც ენმ-ის წევრი ვასილისა ჯაბახიძე დაინტერესდა, რატომ იღებდა ის ფოტოებს, კამათში მერის წარმომადგენელი ჩაერთო. ვასილისა ჯაბახიძე ამტკიცებს, რომ ადგილობრივი გოგონა სწორედ ლექსო ბუჯიაშვილის დავალებას ასრულებდა. 

 

"მერის წარმომადგენლის ლექსო ბუჯიაშვილის დავალებით, ერთ-ერთი ქალბატონი გვიღებდა ფოტოებს. ჩვენ მივედით გასარკვევად, თუ რატომ გვიღებდა, რადგან გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენი ფოტოები მოხვდება სუს-თან და ამის საშუალებით შეეცდებიან იმ ადამიანების დაშინებას, ვინც ჩვენთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" და ველოდებით შესაბამის რეაგირებას", - განაცხადა ვასილისა ჯაბახიძემ.

 

მერის წარმომადგენელი მეჯვრისხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლექსო ბუჯიაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის წევრებისთვის ფოტოების გადაღება არავისთვის დაუვალებია. 

 

"მე მათგან 50 მეტრის დაშორებით ვიდექი და თავად მოვიდა ჩემთან ვასილისა ჯაბახიძე. საერთოდ არ ვაპირებდი მათთან რაიმე სახის კომუნიკაციას, სოფლის ცენტრში რომ მშენებლობა მიმდინარეობს, იქ ვიყავი. არავისთვის დამივალებია მათთვის ფოტოების გადაღება. ვინც იღებდა, მე რა შუაში ვარ იმასთან", - ამბობს ლექსო ბუჯიაშვილი.

 

ინფორმაციისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლები მეჯვრისხევში ბადრი ბასიშვილთან ერთად იმყოფებოდნენ, რომელიც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლოებას შეხვდა.