Back to Top
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2020 14:07

მანიპულაციები ამომრჩევლის გულის მოსაგებად - საიამ წინასაარჩევნო ანგარიში გამოაქვეყნა

გორი-კასპის გაერთიანებულ ოლქში დაფიქსირდა შემთხვევები, რომლებიც თავისთავად კანონდარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ქვეყანაში დამკვიდრებული უხეში პრაქტიკაა, - ამბობს საიას გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს აფასებს. 

 

ორგანიზაციამ გამოვლენილი ფაქტები წინასაარჩევნო ანგარიშში ასახა: 

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის 31 აგვისტოს განცხადებით, მოქალაქეებს სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ მიმართ 2009 წლიდან სხვადასხვა მომსახურებისთვის დარიცხული დავალიანება ჩამოეწერებათ. ამ შეღავათით დაახლოებით ათასამდე მოქალაქე ისარგებლებს. ხელისუფლების ინიციატივა, შეუმსუბუქოს მოქალაქეებს ფინანსური წნეხი, მისასალმებელია, თუმცა არჩევნების წინ ამ ნაბიჯის გადადგმა ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილი მანიპულაციაა.“

 

გორის წითელი ჯვრის ოფისისთვის ჰუმანიტარული ტვირთის გადაცემა, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას დაურიგდა, ,,დახმარება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას“, „მოძრაობა მომავლისთვის (მომო)"-ს მიერ მოხდა, რომელიც „ლელოს“ მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. აღნიშნული ფაქტი კი ამომრჩევლის მოსყიდვის მაგალითია."

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი ანგარიში 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს მოიცავს. 

 

„ანგარიშში შევიდა ასევე ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევა გორში, რა დროსაც დაამტვრიეს ინვენტარი და ტექნიკა. ასევე „ლელოს“ კანდიდატის არშეშვების ფაქტი სოფელ დიცში, რაც ასევე პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლად ფასდება", - ამბობს ქეთი ბებიაშვილი.