Back to Top
შაბათი, 19 სექტემბერი 2020 11:42

"ევროპული საქართველო" გორში "ქართულ ოცნებას" ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნების" მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვა, მათზე გავლენისა და ზეწოლის მოხდენა და საბიუჯეტო რესურსის გამოყენება-ეს ის საკითხებია, რაზეც დღეს "ევროპული საქართველოს" გორის ოფისში ოპოზიციის კანდიდატმა ბრიფინგი გამართა. 

 


 

ლევან თარხნიშვილის განმარტებით, სახელისუფლებო კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის სასარგებლოდ, ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიის განხორციელებაში ადგილი აქვს ხელის შეშლას,საჯარო მოხელეების მხრიდან. თარხნიშვილმა 3 საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რაც მისივე თქმით, მმართველ გუნდის მხრიდან დარღვევებზე მეტყველებს.

 

"საზოგედოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებიდან ჩვენი პარტიის პლაკატები ჩამოხეულია, რაზეც ადგილზე დასუფთავების სამსახურმა გვითხრა, რომ ეს არის კერძო საკუთრება და აქ მხოლოდ სპეციალიზირებული რეკლამა შეიძლება განთავსდეს. ხმას არ ამოვიღებდით ეს აკრძალვა სხვებზეც რომ მოქმედებდეს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ იქ დარჩა სახელისუფლებო კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის პლაკატები, რომლის ამსახელი ფოტო მასალა ხელთ გვაქვს და შეგვიძლია გადმოგცეთ"-განაცხადა ლევან თარხნიშვილმა. 

 

"ევროპული საქართველოს" კანდიდატმა გორი-კასპის გაერთიანებულ ოქლში მეორე დარღვევად "ქართული ოცნების"  მხრიდანე.წ. "უფასო წამლების" პროგრამის პარტიული ინტერესებისთვის გამოყენება შეაფასა. მისი ინფორმაციით, მმართველი გუნდის აგიტატორები სიებს ადგენენ და ხალხს ამ პროგრამის სარგებლობის სანაცვლოდ "ქართული ოცნების" მხარდაჭერას სთხოვენ. 

 

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" აგიტატორი, თამარ კანდელაკი დადის სიით ხელში სოციალურად დაუცველ მოსახლეობაში და "უფასო წამლების" პროგრამაში ჩართვას იმ სემთხვევაში ჰპირდება, თუ ხმას არჩევნებზე "ქართულ ოცნებას" მისცემენ. ეს ფაქტი ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ ცდილობს "ქართული ოცნება" ერთის მხრივ ამომრჩევლის გულის მოგებას და მეორეს მხრივ სახელმწიფო პროგრამის გამოყენებას საკუთარი ინტერესებისთვის"-აღნიშნა თარხნიშვილმა. 

 

მესამე დარღვევად კი ოპოზიციის კანდიდატმა "ამპუტანტ ფეხბურთელოთა საფეხბურთო კლუბზე" გავლენა და მათი აგიტაციაში ჩართვა დაასახელა, რის დასტურადაც ჟურნალისტებს მხარდამჭერთა ბლანკი აჩვენა. 

 

"ეს არის ბლანკი, რომლითაც ხდება მხარდამჭერთა სიების შეგროვება "ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბის" მონაწილეობით. ვიცით, რომ ეს კლუბი ბიუჯეტიდან იღებს დაფინანსებას, "ქართული ოცნება" არამგონია ამაში მათ ფულს უხდიდეს. აგროვებენ მხარდამჭერთა სიებს. მათ ბლანკს თავზე აწერია, რომ ამ კლუბს თხოვნით, შიდა ქართლის მთლიანი შემადგენლობა მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას". რა შეიძლება ეწოდოს ამ ყველაფერს თუ არა გავლენის მოხდენით საბიუჯეტო რესურსის გამოყენება მმართველი გუნდის სასარგებლოდ."-აღნიშნა ლევან თარხნიშვილმა. 

 

"ევროპული საქართველოს" კანდიდატი მოუწოდებს "ქართულ ოცნებას" ხელი შეუწყოს ოლქში თანაბარი საარჩევნო გარემოს არსებობას და შეწყვიტოს ოპოზიციის კამპანიაში ხელის შეშლის ფაქტები.