Back to Top
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020 12:43

ნანა აღორძინება შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორების დასჯას ითხოვს 

პარტიის "თავისუფალი საქართველო" გორი - კასპის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ნანა აღორძინებამ სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო, კომენტარების ავტორებს პროკურატურაში უჩივლა.

 

როგორც ამბობს, უწყებაში განცხადება უკვე დაწერა და პროკურატურიდან შესაბამის რეაგირებას ელოდება.

 

"პროკურატურაში პარასკევს შევიტანე განცხადება, მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ და ვფიქრობ, რომ უწყება რეაგირებას აუცილებლად მოახდენს. რეალური პირები არიან თუ ტროლები არ ვიცი, ამას ახლა ვადგენ, ვინმე მაინც მეცნობა და პასუხს აუცილებლად კანონის ფარგლებში აგებს. მე უკვე გამომკითხა პროკურატურამ და იქაც განვაცხადე, რომ დახურონ ტელევიზიები და ადმინები, ვისაც გაკონტროლება არ შეუძლია. არ მინდა თბილისამდე მივიდეს ეს საქმე",  - ამბობს ნანა აღორძინება.

 

​ინფორმაციისთვის, ნანა აღორძინებამ გორის ადგილობრივ მედია საშუალებასთან ქართულ - რუსულ ურთიერთობებზე ისაუბრა, სადაც თქვა რომ რუსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად მოლაპარაკებაა საჭირო. სწორედ ამას მოჰყვა, სოციალურ ქსელში მომხმარებლების გაღიზიანება და მაჟორიტარობის კანდიდატს შეურაცხმყოფელი კომენტარები დაუწერეს.