Back to Top
ოთხშაბათი, 20 იანვარი 2021 15:18

მეეზოვეები - ისინი, ვის შრომასაც არ ვუფრთხილდებით

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: რუსკა ბუზიაშვილი

 

წარმოიდგინეთ, როგორი რთულია ზამთრის ცივი ამინდების დროს, ადგე თბილი საწოლიდან და გარეთ გახვიდე. ერთ დილას, ადრე მომიწია სახლიდან გასვლა. ჯერ კიდევ არ იყო გათენებული. ქალაქში სიჩუმე იყო. მანამდე არ მენახა ასეთი გორი. ერთი-ორ მანქანას თუ დაინახავდით, არც ხალხი იყო ირგვლივ. ჭავჭავაძის ქუჩა, სადაც მუდამ ხალხმრავლობა და ხმაურია, ცარიელი იყო. მხოლოდ ორი ხანშიშესული ადამიანი შემხვდა, მეეზოვეები იყვნენ. ადამიანები, რომლებიც ყოველ დილით, მაშინ, როდესაც ყველას გვძინავს, თბილი სახლებიდან გამოდიან და ჩვენ დანაგვიანებულ ქალაქს ალაგებენ.

 

 

 

ხშირად სიცივისგან თითების მოძრაობა უჭირთ. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ძალიან ავად გამხდარან და მეორე დილას მაინც გამოსულან საქმის გასაკეთებლად, რადგან სახლში შვილები ელოდებიან, რომელთაც საკვები უნდა უყიდონ.

 

ისინი დილის 4-5 საათზე სახლის კარს გამოიხურავენ და ქალაქის დასალაგებლად გამოდიან, ნებისმიერი ამინდის მიუხედავად.

 

 

ზამთარში, მაშინ, როცა კი ჯერ კიდევ ბნელა, ჩვენი პატარა ქალაქის პატარა ქუჩებს ასუფთავებენ ახალგაზრდები, რომლებსაც უნივერსიტეტის გადასახადი აქვთ გადასახდელი; უფროსები, რომლებსაც შვილების საკვებისა და სწავლის გადასახადი აქვთ გადასახდელი ან სულაც ადამიანები, რომლებსაც სახლში შვილები ელოდებიან იმედიანი თვალებით, რომ როდესაც თვის ბოლოს გაყინვის, დაღლისა და ავადმყოფობის ხარჯზე აღებულ ხელფასს აიღებენ, პატარები ტკბილეულსა და საკვებს მიიღებენ.

 

მათი ცხოვრება სულ ერთ დინებას მიჰყვება. დილით უნდა ადგნენ, გავიდნენ, იმუშაონ, სახლში მისულებს კი, იმის თავიც კი არ აქვთ, რომ საჭმელი ჭამონ. მისვლისთანავე იძინებენ, რათა დაისვენონ და მეორე დილით ისევ წავიდნენ და ისევ დაასუფთავონ ჩვენ მიერ დაყრილი ნარჩენები, აიღონ გადაგდებული ბოთლები, სიგარეტის ნამწვები, ქაღალდები და ა.შ.

 

ჩვენი ქალაქის თითქმის ყველა კუთხეში ერთი სანაგვე ურნა მაინც დგას. ნუთუ ასეთი ძნელია ჩვენი ნარჩენი ან ნაგავი ჩვენვე მივიტანოთ და ჩავაგდოთ ურნაში, რათა ამ ადამიანებს საქმე შევუმსუბუქოთ?

 

ამ ადამიანებს აქვთ საჭიროებები, რომელთა დაკმაყოფილებისთვის უწევთ იმ საქმის გაკეთება, რასაც აკეთებენ. რა თქმა უნდა, არც ერთი საქმე სამარცხვინო არაა, რომელსაც შენი შრომით აკეთებ, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ამ ყველაფრის მიღმა ძალიან დიდი შესაძლებლობები იმალება, რომლის რეალიზების საშუალებაც მათ არ აქვთ.

 

ხშირად გვხვდება სოციალურ ქსელში პოსტები სხვადასხვა მეეზოვის ცხოვრების შესახებ, რომელთა ნიჭიც ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის შეუმჩნეველი არ რჩება.

 

რამდენიმე თვის წინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა მეეზოვე ქალის ნამღერს, რომელიც ვიდეოს სახით ატვირთა ერთ-ერთმა Facebook მომხმარებელმა. თურმე ეს ქალი შესაშური ხმის, გარეგნობისა და ნიჭის პატრონი იყო, რომელმაც ახალგაზრდობაში დიდ წარმატებას მიაღწია. დროთა განმავლობაში კი ისე წარიმართა მისი ცხოვრება, რომ დღეს იგი თბილისის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობს და თავს სწორედ მეეზოვეობით ირჩენს. ამით იმის თქმა მინდა, რომ წინასწარ არავინ იცის, როგორი იქნება მისი ცხოვრება წლების შემდეგ. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ერთმანეთის ცხოვრება შევამსუბუქოთ.

 

 

 

მასალა მომზადებულია პროექტის "გოგონათა მედიასკოლა ქალების გაძლიერებისთვის" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ფონდი "ტასოს" მიერ.

Read 516 times