Back to Top
კვირა, 31 იანვარი 2021 14:37

ქალები, როგორც მემკვიდრეები - კანონი და რეალობა

Written by
Rate this item
(0 votes)

ავტორი: მედეა პავლიაშვილი

 

„სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის“. - ეს არის ამონარიდი საქართველოს უმაღლესი კანონის, საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი მუხლიდან, რაც ამკვიდრებს ქალებსა და მამაკაცებს შორის უფლებრივ თანასწორობას.

 

ერთ-ერთი ძირითადი უფლება, რომელსაც ქართული კანონმდებლობა ადამიანს მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე ანიჭებს, არის მემკვიდრეობის უფლება, თუმცა, საქართველოში არსებული გენდერული სტერეოტიპებისა და სხვადასხვა მანკიერი ტრადიციების გამო, ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალები ვერ ახერხებენ მემკვიდრეობის უფლების რეალიზებას და მშობლების მემკვიდრეობას მხოლოდ ვაჟი იღებს.


„ეს მხოლოდ საზოგადოების აზრია, ჩვენ , როგორც სამართლის სპეციალისტები, ამგვარ ნორმას არ ვიცნობთ, და თუკი საზოგადოება მაინც ფიქრობს ვაჟის უპირატეს უფლებას მემკვიდრედ აღიარების კუთხით, ეს მხოლოდ ტრადიცია და ჩვეულებებია, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შემორჩა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს”, - აცხადებს ასოცირებული პროფესორი ლიკა ჭიღლაშვილი.


როგორც ჩანს, ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე დაფუძნებული კანონმდებლობა საკმარისი არ არის ისეთი კომპლექსური პრობლემის მოსაგვარებლად, როგორიცაა სტერეოტიპული ხედვა და მიდგომა, რაც დიდ ზიანს აყენებს ქალთა უფლბებებს.

 

ქვეყანაში არსებობს უამრავი კვლევა, რომელთა მიხედვითაც, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის აზრით, მემკვიდრეობა მთლიანად ვაჟს უნდა დარჩეს.

 

უნდა ითქვას ისიც, რომ ამ მოსაზრებას კაცებთან ერთად, ქალთა დიდი ნაწილიც იზიარებს. არსებობს მოსაზრება, რომ ქალს არ სჭირდება საკუთრება, ის ცხოვრობს იმისთვის, რომ „გათხოვდეს“, ისარგებლოს მისი მეუღლის ქონებით, ხოლო ვაჟს - რომლის მიზანიც ოჯახის რჩენაა, მეტი მოცულობის ქონება სჭირდება.

 

ასეთი მანკიერი შეხედულებების არსებობა წნეხის ქვეშ აქცევს როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს და ართმევს მათ ინდივიდუალურობას, უნაწილებს მათ ხელოვნურად შექმნილ როლებს.


იმისთვის, რომ გენდერული თანასწორობის თეორიული ასპექტის გადმოტანა პრაქტიკაშიც მოხდეს, ძალზე მნიშვნელოვანია სწორი ინფორმაციის ქონა იმის შესახებ, თუ რა უფლებები გააჩნია ადამიანს და რა მექანიზმები არსებობს მათ დასაცავად. საქართველოს სამემკვიდრეო სამართალი საკმაოდ ბევრ ბერკეტს აძლევს ქალს, დაიცვას საკუთარი მემკვიდრეობის უფლება.


პირველ რიგში, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს მემკვიდრეობა კანონით და მემკვიდრეობა ანდერძით.

 

კანონით მემვკიდრეობის დროს კანონი თვითონვე არეგულირებს, თუ ვინ უნდა მიიღოს გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონება და რა მოცულობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რა თქმა უნდა, პირველი რიგის მემკვიდრეებად მოიაზრებს გარდაცვლილის შვილებს, განურჩევლად მათი სქესისა. სამართლებრივად, ქალსაც ისევე აქვს უფლება, იყოს მემკვიდრე, როგორც კაცს და მიიღოს იგივე მოცულობის ქონება, რაც მიიღო ვაჟმა.


როგორც აღინიშნა, არსებობს ანდერძით მემკვიდრეობაც. ანდერძით მემკვიდრეობის დროს მამკვიდრებელს წინასწარ აქვს განსაზღვრული, თუ ვინ მიიღებს სამკვიდროს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ანდერძით მემკვიდრე მხოლოდ მამაკაცია, ქალს მაინც აქვს უფლება მოითხოვოს საკვიდროში არსებული ქონებიდან სავალდებულო წილის მიღება. ეს წილი შეადგენს იმ ქონების ნახევარს, რომელსაც მიიღებდა მემკვიდრე, ანდერძი რომ არ ყოფილიყო. ქალის მიერ სავალდებულო წილის მოთხოვნა არის საკუთარი უფლების დაცვის ეფექტური მექანიზმი.


საბოლოოდ უნდა ითქვას, რომ მემკვიდრეობის უფლება აქვს კაცსაც და ქალსაც და ის ერთადერთი მიზეზი, თუ რატომაც ვერ ახერხებს ქალების დიდი ნაწილი ამ უფლების რეალიზებას, არის საზოგადოების დისკრიმინაციული, ალოგიკური მიდგომები და სქესის მიხედვით ადამიანების და მათი საჭიროებების ორ ჯგუფად დაყოფა.

Read 493 times