Print this page
შაბათი, 27 თებერვალი 2021 19:06

თიკას სახელოსნო - სივრცე, სადაც თქვენთვის სასურველ თოჯინებს კერავენ

Written by
Rate this item
(0 votes)

თიკამ სამი წლის წინ ერთ-ერთ მაღაზიაში დიდი თოვლის ბაბუა დაინახა და მისი ყიდვა მოუნდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ იმაზე გაცილებით ძვირი ღირდა, ვიდრე წარმოედგინა. თოვლის ბაბუა კარგად დაათვალიერა და პირველად დაფიქრდა, რამდენად შეძლებდა მისი მსგავსის დამოუკიდებლად გაკეთებას.

 

"ინტერნეტის საშუალებით ვნახე როგორ იკერებოდა თოჯინის სახე და შემდეგ უკვე თვითონ ვცადე იმ მასალით, რაც სახლში მომეპოვებოდა."

 

თოვლის ბაბუის გასაკეთებლად ძველი სათამაშოების ნაწილები გამოიყენა. სამოსი კი საკუთარი ხელსახვევისგან შეუკერა. თანმდევი ნერვიულობის მიუხედავად, მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა - ახლობლებს მისი ნამუშევარი მოეწონათ.

 

„მთხოვდნენ, რომ მათთვის დამემზადებინა თოჯინა. პრინციპში, ასე შეიქმნა ჩემი თოჯინების პირველი კოლექციაც.“

 

 

ახლა მისი ნამუშევრები სხვადასხვა მაღაზიებში იყიდება. თიკას ხშირად უკავშირდებიან ადამიანები და სახასიათო თოჯინის დამზადებას სთხოვენ. მისთვის ეს საქმე მხოლოდ შემოსავლის წყარო არ არის. ამბობს, რომ ყველა თოჯინა კერვის პროცესშივე უყვარდება და ხშირად უჭირს კიდეც მათი გასხვისება.

 

განსაკუთრებით დღემდე ის თოჯინა უყვარს, რომელიც ბებიასთან და ბაბუასთან გატარებულ ბავშვობას განასახიერებდა.

 

"თოჯინები ჩემს ბიბიას, ბაბუას და ჩემს ბავშვობას დავამსგავსე, გოგონა ძალიან მგავდა, ბებიის თოჯინისთვის სამოსი ბებიას ძველი პალტოს ნაჭრისგან შევკერე, ეს თოჯინები ძალიან მიყვარდა, მოგვიანებით საზღვარგაარეთ გაიყიდა."

 

თიკა თოჯინებზე მუშაობის პარალელურად, ორ შვილს ზრდის. უხარია, რომ ოჯახი მის საქმეს გულშემატკივრობს და მაქსიმალურად ცდილობს, სახლში სამუშაო გარემო შეუქმნას.

 

"ჩემი სამუშაო მაგიდა მაქვს. ვჯდები, ვიწყებ მუშაობას და ხან ისეც ხდება, რომ მთელი დღე მეპარება ამ საქმეში.  ყოველთვის ვცდილობ, რომ ახალი დეტალები შევიტანო ნამუშევრებში, მინდა რომ მრავალფეროვანი იყოს და დახვეწილი. ჩემი შვილები სულ ელოდებიან, როდის დავასრულებ თოჯინის შეკერვას. შემდეგ ათვალიერებენ და მიფასებენ. მათი შექება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია." 

 

თიკას თოჯინებიდან ზოგი სამზარეულოში გაგიწევთ დახმარებას, რადგან მას ხელსახოცის ან სხვა ნივთების დაკავება შეუძლია. ბევრი მათგანი ქართული კულტურის, სამზარეულოს წარმოჩენას ცდილობს. ასევე, თიკას შეუძლია თქვენი ან თქვენი სასურველი ადამიანის მსგავსი თოჯინა შექმნას.

 

თიკას ნამუშევრების დათვალიერება ან შეკვეთის გაკეთება დაინტერესებულ პირებს ფეისბუქ გვერდის „თიკას სახელოსნო“ საშუალებით შეუძლიათ.

Read 278 times